„ჯერ ჩაცხრება, მერე გამწვავდება“ - პოლიტოლოგი საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
პოლიტოლოგმა ბოლო პერიოდის რეზონანსული მოვლენები შეაფასა.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოში საპროტესტო აქციებზე დაძაბულობა შემცირდება, თუმცა არის უახლოეს მომავალში სიტუაციის გამწვავების ალბათობა, მიუხედავად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გადაწყვეტილებისა – პარლამენტიდან გაიწვიოს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთვის" მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.
ორი დღის მანძილზე საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ხუთშაბათს მმართველმა გუნდმა, ასევე კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ახლო მომავალში იქნება არცთუ დიდი საპროტესტო აქციები, თუმცა, შეიძლება სიტუაცია მაინც გართულდეს. ბევრი ადამიანი დარწმუნდა იმაში, რომ შესაძლებელია მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და ამის პრეცედენტი დღეს შეიქმნა", – განაცხადა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგის თქმით, მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი „ახსნა-განმარტებითი სამუშაოები“ საზოგადოების უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან იქნება მცდელობა, ყველაფერი ოპოზიციას დაბრალდეს, რომელმაც თითქოსდა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა.
„ბევრს ეს არ მოეწონება", – მიაჩნია ჩიტაძეს.
პოლიტოლოგის თქმით, სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 80% ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს და მათ, ვინც საპროტესტო აქციაზე გამოვიდა, აღნიშნული კანონის მიღება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებად აღიქვეს.

„რადგან კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მაქსიმალური ინტეგრაცია", – განაცხადა მან.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის თქმით, კანონპროექტის გაწვევა მხოლოდ განცხადების გაკეთებით შეუძლებელია. სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც ჩიტაძემ განმარტა, „ქართულმა ოცნებამ“ ორივე კანონპროექტი ვენეციის კომისიიდანაც უნდა გამოიწვიოს და შემდეგ პარლამენტში მის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
რაც შეეხება აქციებს, დღის მანძილზე მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
ორი დღის მანძილზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 133 პირი დააკავა.
ჩიტაძის აზრით, უახლოეს პერსპექტივაში ხელისუფლებისგან აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
სკანდალური ინიციატივა
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
„არ ვენდობით"! - აქტივისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსეს>>>
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0