„არ ვენდობით"! - აქტივისტებმა მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსეს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2023
გამოწერა
ახალგაზრდების ერთ-ერთი მოთხოვნა საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი იქნება.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტები კვლავ გამართავენ საპროტესტო აქციას თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, მიუხედავად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილებისა – პარლამენტიდან გაიწვიოს უცხოური აგენტების შესახებ სკანდალური კანონპროექტი.
ორი დღის მანძილზე საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. ხუთშაბათს მმართველმა გუნდმა, ასევე კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.

„აქცია აუცილებლად ჩატარდება დღეს! არის ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც არ ენდობიან „ქართულ ოცნებას" და რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ ვართ გარანტია იმისა, რომ ქვეყანა დასავლეთის ნაწილი გახდა", – განაცხადა ერთობლივ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა ცოტნე კობერიძემ.

მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე მოთხოვნა იქნება „ქართული ოცნების" მხრიდან მეტი კონკრეტიკის მოსმენა, თუ როგორ აპირებენ კანონპროექტის გაწვევას.
სამოქალაქო აქტივისტები ასევე დააყენებენ საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლების საკითხს. ორი დღის მანძილზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 133 პირი დააკავა.
„იმ დრომდე, ვიდრე არ გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ, იბრძოდნენ და რომლებიც დაკავებული არიან, „ქართული ოცნება" ნუ იფიქრებს, რომ საქმე მარტივადაა", – აღნიშნა კობერიძემ.
მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.
დღის მანძილზე მშვიდობიანი პროტესტი საღამოს საათებში აგრესიულ ფორმებს იღებდა – აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს პარლამენტის შესასვლელები, დაწვეს ავტომობილები, ჩაამსხვრიეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის პირველი სართულის მინები და რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, ისინი სამართალდამცველების მისამართით „მოლოტოვის კოქტეილებს" ისროდნენ. საპასუხოდ სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
სკანდალური ინიციატივა
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" ამტკიცებდნენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე აპირებდა კანონპროექტის ამერიკული ვერსიის განხილვას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0