შსს: აქციაზე 50-მდე სამართალდამცველი დაშავდა

© photo: Sputnik / Stringerსპეცრაზმი
სპეცრაზმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
გამოწერა
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე სამშაბათს პოლიციამ 66 პირი დააკავა.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. თბილისის ცენტრში გამართული აქციის დროს ძალადობრივი ქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი დაშავდა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ პარლამენტის მიერ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

„პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში", – ნათქვამია განცხადებაში.

რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.
„სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას", – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე პოლიციამ 66 პირი დააკავა.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად გამართვის უზრუნველყოფის მიზნით საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო შსს-ს შესაბამისი დანაყოფები.
პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 66 პირი დააკავეს>>>
შსს აცხადებს, რომ „მოგვიანებით შეკრებილთა პროტესტი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ საზღვრებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო“.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილები შეეცადნენ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელის ბლოკირებას, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
„მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა, დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს", – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შსს-ს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს – ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს.
საპროტესტო აქცია რუსთაველზე: რა ვითარებაა პარლამენტის შენობასთან>>>
აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეცტექნიკა.
„საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღკვეთის მიზნით შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ, საჭიროების შესაბამისად, პოლიცია იძულებული გახდა თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები", – აღნიშნულია განცხადებაში.
მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.
აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლიც წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.
აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.
სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას, აღნიშნეს უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0