არავის მივცემთ უფლებას, საქართველო პოლიგონად აქციოს - პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
საქართველოს მომავალი პატრიოტებს ეკუთვნის, განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნას და ის პოლიგონად აქციოს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა. მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.

„რთული რეალობაა მთელ მსოფლიოში... ამ ფონზე ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, ჩვენ არავის ეჭვი არ გვეპარება, რომ ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ, ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, აღნიშნა პრემიერმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებენ, რომელიც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააარსა.
„დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული... ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას – ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველანაირი აჟიოტაჟი ოპოზიციის მხრიდან – ეს, უბრალოდ, სპეკულაციაა.
მდინარაძე: საქართველო არ ჩაერთვება უთანასწორო ომში>>
„სულ ტყუილად ირჯებიან. იმ დონეზე დაეშვა ეს ორგანიზაცია, რომ მათი ტელევიზიები პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ, ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან“, – აღნიშნა პრემიერმა.
მან ტრაგედია უწოდა იმას, რომ მსგავსი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში.
„მე ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას – სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები... ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„უბინძურესი პროვოკაცია“ - დეპუტატი უკრაინელი დიპლომატის განცხადებაზე>>
პრემიერის თქმით, ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ არავის აპატიებს არცერთ უკანონო ქმედებას.
„ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ ერთ-ერთმა პირველმა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.
„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს>>
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0