„უბინძურესი პროვოკაცია“ - დეპუტატი უკრაინელი დიპლომატის განცხადებაზე

© courtesy of Rati Ionatamishviliრატი იონათამიშვილი
რატი იონათამიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა შეშფოთებულია მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით და არამეგობრული განცხადებებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან.
თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უბინძურესი პროვოკაცია, რომელსაც არ უნდა ავყვეთ, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ რატი იონათამიშვილმა.
კასიანოვის თქმით, უკრაინა ძლიერ არის შეშფოთებული მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით და არამეგობრული განცხადებებით უკრაინის მიმართ მმართველი „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან. ამასთან, მან უარყო ნებისმიერი ბრალდება უკრაინის მისამართით საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის შესახებ.

„ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მისი თქმით, ამგვარი განცხადება განსაკუთრებით მიუღებელია უკრაინაში კონფლიქტის დაწყების წლისთავზე.
„დღეს პროვიკაციების მთელი კასკადი ვნახეთ. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს. როგორი ბინძური პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ამას არასოდეს ავყვებით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
კასიანოვის სიტყვებს პროვოკაცია უწოდა ასევე ირაკლი ქადაგიშვილმა – დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“.
„სამწუხაროდ, ეს მორიგი პროვოკაციული განცხადებაა, რომელსაც დიპლომატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის მორიგი გამიზნული პროვოკაცია. სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელი. ამის შემდეგ საქართველოში კიდევ ვიღაცას უჩნდება კითხვა – საქართველოში უნდათ თუ არა მეორე ფრონტის პროვოცირება? რა თქმა უნდა, უნდათ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრემიერი პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს>>
მისი თქმით, მიუხედავად დაუსრულებელი პროვოკაციებისა, საქართველო თავის პოზიციას მყარად ინარჩუნებს, იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს.
„ასეთმა პროვოკაციებმა წონასწორობიდან არ უნდა გამოგვიყვანოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამასთან, ქადაგიშვილმა დასძინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ასეთ პროვოკატორებს ბიძგს აძლევს.
მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამწუხაროა, რომ მმართველმა პარტიამ არ მიიღო უკრაინის რადის მიწვევა და ქართული დელეგაცია კიევში მხოლოდ ოპოზიციით არის წარმოდგენილი. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აქვს მზადყოფნა, წავიდეს უკრაინაში, მაგრამ მას მიწვევა არ მიუღია.
საქართველოსა და უკრაინის რთული ურთიერთობები
საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის ობიექტი ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების მხრიდან კონფლიქტის დაწყებიდან მალევე გახდა. თავდაპირველად მიზეზი მოხალისეების უკრაინაში ორგანიზებულ გაგზავნაზე უარი იყო. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ქვეყნის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვას ნიშნავდა.
„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს>>
მოგვიანებით დაიწყეს საქართველოს დადანაშაულება სანქციების თავიდან არიდებასთან დაკავშირებით რუსეთის დახმარებაში.
პარალელურად იყო მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ახლო გარემოცვის მხრიდან ისმოდა მოწოდებები დაკარგული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაბრუნებისთვის მოქმედებისკენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ არ გადაუხვევენ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზას, შეაფასეს, როგორც რუსეთის პოზიციების გამართლება.
საქართველო უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, ასევე იცავს საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0