პრემიერი პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს

  - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2023
გამოწერა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ოფიციალური დელეგაციის არყოფნა კონფლიქტის წლისთავთან დაკავშირებით კიევში გამართულ ღონისძიებებზე უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მკაცრ განცხადებებს უკავშირდება, ასე მოიქცეოდა ყველა თავმოყვარე ხელისუფლება, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარასკევს, 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა უკრაინის რადის მიწვევაზე უარი განაცხადეს და კიევში ქართული დელეგაცია მხოლოდ ოპოზიციონერებით არის წარმოდგენილი. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თვითონ დროულად გამოთქვა მზადყოფნა გამგზავრებულიყო უკრაინაში, მაგრამ მიწვევა არ მიუღია.

„ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. არაერთხელ ვთქვი, რომ 400-ზე მეტ რეზოლუციას და განცხადებას შევუერთდით... თუ ვინმეს ამაზე მეტის გაკეთების სურვილი აქვს, მათ შორის კიევში მოგზაურობის, ყველა ადამიანი თავისუფალია და ჩვენ არავის ვზღუდავთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რაც ისმის უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებდა ისე, როგორც იქცევა საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნა პრემიერმა.
„ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ამავდროულად ჩვენ ვიცავთ უკრაინელი ხალხის ინტერესებს და კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას მათ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„პარტნიორობა ვერ იქნება ცალმხრივი“ - კალაძე უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობების შესახებ>>>
საქართველოში ჩამოსული უკრაინელები დაცულად ცხოვრობენ და მათთვის ხელისუფლებამ მაქსიმალური კომფორტი შექმნა.
„საბედნიეროდ, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც შეძლო მეორე ფრონტის, პროვოკაციების თავიდან აცილება. დღეს ეს დესტრუქციული ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველოს ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, ისევე, როგორც უკრაინა, პოლიგონად იქნებოდა გადაცეული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ქვეყნის უდიდეს ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის პარტნიორ რამდენიმე პარტიას დესტრუქციულ ძალას უწოდებენ.
„ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად, ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პარლამენტს უკრაინის რადისგან ოფიციალური მიწვევა არ მიუღია, იყო მხოლოდ მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთა დონეზე კომუნიკაცია. გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან უარის არგუმენტად დაასახელა „დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ".
„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის რადის მიწვევაზე უარი განაცხადა>>>
საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე გახდა ქართული ოპოზიციისა და ოფიციალური კიევის წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი. თავდაპირველად მიზეზი უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის ორგანიზებაზე უარის თქმა იყო. მაშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ჩართვას შეიარაღებულ კონფლიქტში.
მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში.
პარალელურად ისმოდა მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ. ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი. მისი თქმით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციების დაწესებაზე და განაცხადა, რომ ეს საქართველოს უფრო დააზიანებს. საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და ამასთან უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0