„საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია" - ITB Berlin-ის დირექტორი საქართველოზე

© courtesy of the Georgian National Tourism Administration ტურისტული გამოფენა ბერლინში
ტურისტული  გამოფენა ბერლინში - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გამოწერა
ტურისტულ გამოფენაში 80-მდე ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს, განაცხადა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ის დირექტორმა დებორა რუთმა და ტურიზმის მოყვარულებს საქართველოს მონახულებისკენ მოუწოდა.
პრესტიჟული საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრება, დღეს გაიხსნება და 9 მარტამდე გაგრძელდება.
გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა იქნება მდიდარი და მრავალფეროვანი. საზეიმო გახსნას 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.

„უნდა ეწვიოთ საქართველოს, რათა აღმოაჩინოთ, თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას“, – განაცხადა რუთმა.

ITB Berlin – ეს არის პლატფორმა მსოფლიოს სამოგზაურო ინდუსტრიაში, რომელიც 57 წელზე მეტს ითვლის, აღნიშნა ITB Berlin-ის დირექტორმა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მონაწილეობს გამოფენაში. ეს ძალიან მჭიდრო პარტნიორობაა. ჩვენ ერთი წელი ვემზადებოდით და ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. მაგალითად, დღეს, საღამოს გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართება, სადაც დიდი სიამოვნებით ველოდებით ქართული კულტურის წარმოჩენას ტურიზმის გლობალურ ინდუსტრიაში", – განაცხადა რუთმა.
საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება, კიდევ უფრო პოპულარული და მიმზიდველი უნდა გახდეს მთელ მსოფლიოში იმის გათვალისწინებით, რომ მას გლობალური ტურიზმისთვის ბევრის შემოთავაზება შეუძლია, მიაჩნია ITB Berlin-ის დირექტორს.
ბერლინში საერთაშორისო გამოფენა იხსნება>>>
დებორა რუთი საქართველოში 2022 წელში იმყოფებოდა და, მისი თქმით, ყველაზე მეტად მოიხიბლა კახეთით და კახეთის მოსახლეობით.
„ხალხი ძალიან თბილად იყო ჩემ მიმართ განწყობილი. როგორც ერთი რიგითი ტურისტი და როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, აღფრთოვანებული ვარ ამ სტუმართმოყვარე ქვეყნით", – განაცხადა რუთმა ჟურნალისტებთან.
ქართული პროგრამა ITB Berlin
6 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მასპინძელი ქვეყნის მთავრობის მეთაური, გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვა. ამავე დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ.
საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნობიან.
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველოს ლოზუნგი ITB Berlin-ზე>>>
საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.
7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში“. სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0