ბერლინში საერთაშორისო გამოფენა იხსნება

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა
საქართველო ITB Berlin 2023-ის მასპინძელი ქვეყანაა - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გამოწერა
ტურისტულ გამოფენაში 80-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. პრესტიჟული საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB Berlin 2023, რომელსაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ესწრება, დღეს გაიხსნება და 9 მარტამდე გაგრძელდება.
გამოფენა გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნება. კონცერტის ორგანიზატორების თქმით, პროგრამა იქნება მდიდარი და მრავალფეროვანი. საზეიმო გახსნას 180 ქვეყნიდან 2,5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.
გამოფენის გახსნამდე, 6 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მასპინძელი ქვეყნის მთავრობის მეთაური, გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვა.
ამავე დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
„უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველოს ლოზუნგი ITB Berlin-ზე>>>
6 მარტს გამოფენის გახსნის ფარგლებში გაიმართება სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ.
საზეიმო გახსნის დღეს სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს გაეცნობიან.
საქართველოს ტურისტული სექტორის 80-მდე წარმომადგენელი 950 კვადრატული მეტრი ფართობის საქართველოს სტენდზე პრეზენტაციას გამართავს.
გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება აგრეთვე ხელნაკეთი ნამუშევრები.
საქართველოს დელეგაცია გახსნის პანელურ დისკუსიას „საქართველოს თავგადასავლები, შესაძლებლობები, შეთავაზებები და გამოწვევები“. გამოფენის ფარგლებში ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს სესიებში: „მინისტრების მრგვალი მაგიდა - ტრანსფორმაციის ფორმირება გლობალური მასშტაბით“ და „გენდერული თანასწორობა ტურიზმში“.
ITB Berlin: ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში გამოფენის გახსნაზე გაემგზავრა>>>
7 მარტს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავის მხრივ, პრეზენტაციას გამართავს საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესახებ.
8 მარტს საქართველო ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე უმასპინძლებს სპეციალურ ღონისძიებას „სათავგადასავლო ტურიზმის აღმოჩენა საქართველოში“. სპიკერები იქნებიან საქართველოს სამთო გიდების ასოციაციის, შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელები და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების მართვის ორგანიზაციები, 44 ტუროპერატორი და 23 სასტუმრო – ჯამში 80-მდე ქართული კომპანია.
ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ასახავს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ყველა ძირითად ტენდენციას. გამოფენა პირველად 1966 წელს გაიმართა და მას შემდეგ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.
კოვიდ-პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113.500 ბიზნეს-ვიზიტორი სტუმრობდა. ღონისძიებას საერთაშორისო მედიის 500 წარმომადგენელი აშუქებდა.
ყველა ახალი ამბავი
0