საქართველომ ფარმაცევტული პროდუქციით საბითუმო ვაჭრობის ახალი წესები შემოიღო

© Pixabay / PhotoLizMმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2023
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დადგენილი ფასების შესაბამის კატალოგს გამოაქვეყნებს.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების რეგულირების უწყებათშორისი კომისია კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტზე ზღვრულ საბითუმო ფასს დააწესებს, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც განისაზღვრა ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეგულაცია, პირობები და წესები.
კომისია პროდუქციის რეალიზაციის საბითუმო ფასს ექსპერტების დასკვნის საფუძველზე დაადგენს. ასევე კომისია დაადგენს შესაბამის სარეალიზაციო ფასს.
კომისია უფლებამოსილი იქნება ასევე განსაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები.
უწყებათშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი – ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი.
სკანდალი წამლების ფასებთან დაკავშირებით: კონკურენციის სააგენტო ბაზარს სწავლობს >>
მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტრო ფასებს შესაბამის კატალოგში გამოაქვეყნებს. განახლებული ფასი კი ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შევა ძალაში.
ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულა. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ამჟამად ბაზრის ადაპტაცია მიმდინარეობს და კომპანიები კანონის ყველა პირობას იცავენ, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში ფასის მატება შესასყიდი ფასის მატებას უკავშირდება.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უპასუხა >>
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წელს კი 15 თებერვლიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა. სია მოგვიანებით გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ ქვეყანაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ახალი წესების დამრღვევი 15 მარტამდე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.
ყველა ახალი ამბავი
0