თურქეთში ქართველი მეხანძრე-მაშველების როტაცია დასრულდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
ქართველმა მაშველებმა ლოკაცია შეიცვალეს და ახლა სამაშველო სამუშაოებს ჰათაის პროვინციაში გააგრძელებენ.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. თურქეთში ქართველი მეხანძრე-მაშველების როტაციის პროცესი დასრულდა, 85-კაციანმა ჯგუფმა ის მეხანძრე-მაშველები ჩაანაცვლა, რომლებიც ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებდნენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. იმავე დღეს საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს კი მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა. ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანის ორ სექტორში მუშაობდნენ ადგილობრივ ოპერატიულ მართვის ცენტრთან კოორდინაციით.

„თურქულ მხარესთან კოორდინაციის შემდეგ ქართული სამაშველო ჯგუფის ახალი ამოცანა განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც 100 ქართველი მაშველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განახორციელებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.
კვარაცხელიამ მაისური აუქციონზე გამოფინა - თანხა მიწისძვრით დაზარალებულებს მოხმარდება>>>
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
ამ დროისათვის თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 41 ათას კაცს აჭარბებს. დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.
ყველა ახალი ამბავი
0