ღარიბაშვილმა დუბაიში გამართულ სამიტზე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა შეიმუშავა.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოში არსებული რთული გეოპოლიტიკური სიტუაციისა და გლობალური ეკონომიკური ვარდნის მიუხედავად საქართველომ შეძლო ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამის თაობაზე ქვეყნის მთავრობის მეთაურმა დუბაიში გამართულ მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე განაცხადა. სამიტში მონაწილეობის მისაღებად ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კვირას გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

„ჩვენს მთავრობას აქვს ძლიერი საქართველოს ხედვა, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისა. ეს აისახება კიდეც ჩვენ მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა.
„ჩვენი ხედვა გულისხმობს ძლიერ მოქმედებას. მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გლობალურად შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით.
ღარიბაშვილის განცხადებით, 2022 წელს გაგრძელდა მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და გასულ წელს მისი მაჩვენებელი 10,1%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზით, 2023-2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, რომელიც წლიურად საშუალოდ 5% იქნება, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები გააჩნია მსოფლიოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს აქვს ოთხი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ამ ზონებში საექსპორტო საქონელი იწარმოება და ისინი გადასახადებისგან თავისუფლდებიან.
როგორ უნდა შემცირდეს ფასები იმპორტირებულ პროდუქტებზე - ექსპერტის მოსაზრება>>>
„ეს ყველაფერი ხელს უწყობს საქართველოს ჩამოყალიბებას ბიზნესის კეთების მიმართულებად და დანიშნულების ადგილად“, – განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს პოზიტიურ შეფასებებზე.

„ეს აღიარება იმ დიდი პროგრესის დადასტურებაა, რომელსაც ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობის და ყველა მოქალაქის უფრო წარმატებული მომავლის შექმნისთვის მივაღწიეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

დუბაიში 13-15 თებერვალს ტარდება მსოფლიოს მთავრობათა სამიტი (World Government Summit 2023/WGS 2023) თემაზე „მომავლის მთავრობების ფორმირება“. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოს მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მთავრობებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.
ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორე ვიზიტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ამ ქვეყანას ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის ოქტომბერში ეწვია, სადაც შეხვდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს.
მაშინ მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები სხვადასხვა სფეროში, ასევე აქტიური მუშაობის პერსპექტივა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებაზე.
გარდა ამისა, დეკემბერში დუბაიში საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამართეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც გულისხმობდა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას 2023 წლის დასაწყისში.
საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების წესები შეიცვლება>>>
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიზნით 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „დოკუმენტს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების პირობების თაობაზე“.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.
ყველა ახალი ამბავი
0