როგორ უნდა შემცირდეს ფასები იმპორტირებულ პროდუქტებზე - ექსპერტის მოსაზრება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
ლარი გამყარდა, ძირითად საკვებ პროდუქტებზე კი ფასები მაინც ძალიან მაღალია.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოში სურსათზე ფასების შემცირება რეფერენტული ფასების შემოღებითაა შესაძლებელი, როგორც ეს მოხდა მედიკამენტების შემთხვევაში, განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემაშფოთებელი უწოდა სურსათის ბაზარზე ფასების პირველადი კვლევის შედეგებს, რომელიც კონკურენციის სააგენტომ ჩაატარა. მონიტორინგის მიხედვით, ქართველ მომხმარებელს იმპორტირებული საკვები პროდუქტების შეძენა თითქმის 100%-იანი ფასნამატით უწევს.
„როდესაც ფასები ასე მაღალია, ბუნებრივია, ჩნდება ეჭვი, რომ ეს არის იგივე სქემის ნაწილი, რაც მედიკამენტების შემთხვევაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის რეალურად მონოპოლიური ფასი. როდესაც ფასნამატი ასეთი მაღალია, შეიძლება გამოყენებულ იქნას იგივე რეფერენტული სტრატეგია“, – განაცხადა ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში.
2023 წლიდან სახელმწიფომ მედიკამენტებზე დააწესა ე.წ. რეფერენტული ფასები – ფასის ზედა ზღვარი, რომლის ზემოთაც წამლის გაყიდვა აკრძალულია.
საქართველოში პროდუქტები შეიძლება გაიაფდეს - პრემიერმა იმპორტიორები გააკრიტიკა>>>
როგორც ადრე მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თურქული მედიკამენტებისთვის ქართული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ ჯამში 200 მილიონი ლარი დაზოგა.
ცუცქირიძემ ასევე გაიხსენა კოროვირუსული პანდემიის დროს პროდუქციის გაძვირება, როცა საქონელზე ფასნამატი ხშირად 300% იყო.
„მაშინ გარკვეული სპეკულაცია ხდებოდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების ჯაჭვების წყვეტით და დეფიციტით იყო გამოწვეული... ეს წარმოუდგენელია, ამას არაფერი საერთო არ აქვს არც საბაზრო ძალებთან ან მოთხოვნისა და მიწოდების მრუდთან. ეს პირდაპირ მონოპოლიური ფასია და საკუთარი მოსახლეობის ძარცვაა", – განაცხადა ექსპერტმა.
ცუცქირიძის აზრით, არცერთი მთავრობა არ უნდა ჩაერიოს ბაზარზე, რომელსაც ნამდვილად საბაზრო ძალები არეგულირებს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენას ახდენს იგი მომხმარებლებზე, აქ ჩარევა გამართლებულია.
ბოლო თვეებში ლარის კურსი დაახლოებით 18%-ით გამყარდა, რაც უმნიშვნელოდ აისახა ფასების კლებაზე, აღნიშნა ექსპერტმა.
„ეს ცხადყოფს, რომ გარკვეული პრობლემაა ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით... როცა ლარის კურსზე ვსაუბრობთ, ეს პირდაპირ ეხება იმპორტირებულ პროდუქტებს, რადგანაც, მოგეხსენებათ, კალკულაცია, თვითღირებულების გამოთვლა უცხოურ ვალუტაში ხდება“, – განმარტა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, ეს პრობლემა ეხება არა მარტო სურსათს, არამედ საწვავსაც.
„მოგეხსენებათ, საწვავი ბევრი სხვა რამის განმსაზღვრელია, მასზეა დამოკიდებული, მათ შორის, გადაზიდვების ფასი. შესაბამისად, ის პროდუქტების ფასწარმოქმნაში მონაწილეობს", – განაცხადა ცუცქირიძემ.
გაძვირებული პროდუქტები საქართველოში - ბიზნესი გაფრთხილებულია>>>
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან პირველად, 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 10%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა.
ერთ წელიწადში ბოსტნეულის ფასი გაიზარდა 26,5%-ით, პურისა და პურპროდუქტების – 22,8%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის – 16,7%-ით, ხორცისა და ხორცპროდუქტების – 8,7%-ით, ზეთისა და ცხიმის – 4,7%-ით.
პირველადი კვლევა
პირველ ეტაპზე კონკურენციის სააგენტომ პირველადი მოხმარების ათი სტრატეგიული პროდუქტის ღირებულება შეისწავლა, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სამომხმარებლო კალათაში. მათ შორისაა ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, შაქარი, მარილი, მცენარეული ზეთი, მაკარონი.
სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მონიტორინგის მიზანი იყო გარკვევა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრულია მათთან ფასნამატი.
როგორც აღმოჩნდა, საბითუმო ფასებზე ნამატი 50-დან 80%-მდე მერყეობს, ხოლო საცალო ფასების შემთხვევაში ამას კიდევ 20-35% ემატება.
მისი თქმით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები.
ღარიბაშვილმა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა „სასწრაფოდ შექმნან სამუშაო ჯგუფი, დაიბარონ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყონ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“.
ყველა ახალი ამბავი
0