საქართველოში პროდუქტები შეიძლება გაიაფდეს - პრემიერმა იმპორტიორები გააკრიტიკა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
გამოწერა
პრემიერის განცხადებით, ხალხს თითქმის ასპროცენტიანი ფასნამატით უწევს საკვები პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვების პროდუქტების იმპორტიორები გააკრიტიკა ფასნამატის გამო, რომელსაც ისინი საქონელს ადებენ, და სიტუაციის გამოსწორება მოითხოვა.
პრემიერმა აღმაშფოთებელი უწოდა სურსათის ბაზარზე ფასების პირველადი კვლევის შედეგებს, რომელიც კონკურენციის სააგენტომ წარმოადგინა. ღარიბაშვილმა სააგენტოს რამდენიმე კვირის წინ შესაბამისი დავალება მისცა, რათა გარკვეულიყო, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრულია მათთან ფასნამატი.
კერძოდ, პრემიერი დაინტერესდა ფასებით ძირითად პროდუქტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, მზესუმზირის ზეთი. როგორც აღმოჩნდა, ფასნამატი საბითუმო ფასებზე 50-60-70-80%-ს შეადგენს. ამას საცალო ფასის შემთხვევაში სულ ცოტა კიდევ 25-30% ემატება.

„გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს თითქმის ასპროცენტიანი ფასნამატით უწევს ამ პროდუქტების შეძენა, რაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები იყოს.
„არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ღარიბაშვილმა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა – „სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება“.
ჯანდაცვის უწყება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას აღკვეთს>>
„მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით... სამწუხაროდ, არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან. ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი“, – განაცხადა პრემიერმა, როდესაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიმართავდა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საკვები პროდუქტების იმპორტიორები მის მიმართვას გაითვალისწინებენ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ როგორ ეფექტურად იმუშავა მთავრობამ, როდესაც საუბარი იყო მედიკამენტებზე მაღალი ფასების პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაზე.

„ძალიან კარგად გვახსოვს, რამხელა მოგებით მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვა, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგი სახეზეა. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე დავაწესეთ რეფერენტული ფასები, რამაც 60, 70, 80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თურქული მედიკამენტებისთვის ქართული ბაზრის გახსნამ საქართველოს მოსახლეობას დაახლოებით 200 მლნ ლარი დააზოგინა, აღნიშნა პრემიერმა.
„ამიტომ მე ვხედავ აქ დიდ პოტენციალს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ფასნამატი საკვებ პროდუქტებზე გონივრულ ფარგლებში უნდა იყოს.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით) 9,4% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ამასთან, პირველად 2021 წლის ივლისის შემდეგ 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 10%-ს ჩამოსცდა.
საქართველოში ინფლაცია კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა>>
ერთ წელიწადში ფასები ბოსტნეულზე გაიზარდა 26,5%-ით, პურზე და პურპროდუქტებზე – 22,8%-ით, რძეზე, ყველსა და კვერცხზე – 16,7%-ით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0