ჯანდაცვის უწყება ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან საბოტაჟის ნებისმიერ მცდელობას აღკვეთს

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
ფარმაცევტული კომპანიები 15 თებერვლიდან განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებისა და შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ თუ ცალკეული კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა იქნება, ამაზე უწყებას შესაბამისი რეაგირება ექნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.
საუბარია ე.წ. რეფერენტული ფასების შემოღებაზე. 2023 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ფასების მაქსიმალური ზღვარის დადგენა, რომლის ზემოთაც ქვეყანაში მედიკამენტების გაყიდვა იკრძალება.
აზარაშვილმა პირობა დადო, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დეფიციტის საშიშროება არ იქნება.

„ბაზარზე გვაქვს როგორც ორიგინალური მწარმოებლების მედიკამენტები, ისე გენერიკული მედიკამენტები. მათ აქვთ იგივე თერაპიული ეფექტი და ამ მხრივ არანაირი განსხვავება არ არის“, – განაცხადა აზარაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბაზარზე როგორც ორიგინალი, ისე გენერიკული მედიკამენტების მწარმოებლების შესანარჩუნებლად ჯანდაცვის უწყებამ ორი ფასი დაადგინა – მაქსიმალური ფასი ორიგინალი მედიკამენტებისთვის დადგინდა, ხოლო ცალკე ფასი დადგინდა გენერიკული მედიკამენტებისთვის.
პრემიერი: მედიკამენტებზე ფასი 40%-ით შემცირდება>>>
„თუ იქნება მიზანმიმართული საბოტაჟის მცდელობა, ამაზეც შესაბამისი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა აზარაშვილმა და დასძინა, რომ ცალკეული კომპანიების მხრიდან საბოტაჟს არ გამორიცხავს.
აზარაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ, როცა თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობის მიუხედავად, საქართველოში არ ხორციელდებოდა მედიკამენტების საკმარისი რაოდენობით იმპორტი, გარდა ამისა, კონკრეტულ აფთიაქებში მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანეს, ხელოვნურად შექმნეს წამლების დეფიციტი და ა.შ.
აზარაშვილი პირობას დებს, რომ მსგავსი არაკეთილსინდისიერი ქმედებების შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან იქნება მკაცრი რეაგირება, რაც საკმაოდ მაღალ ჯარიმებს ითვალისწინებს.

„ვფიქრობთ, ეს აუცილებელი მექანიზმებია იმისთვის, რომ ამ კანონმა, ცვლილებებმა იმუშაოს. საბოლოო მიზანია, რომ მოსახლეობისთვის გაიაფებულ და ხელმისაწვდომ მედიკამენტებს მივაღწიოთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება 1,3 ათასზე მეტ მედიკამენტს, რომლებიც განკუთვნილია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის. რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, მათი რეფერენტული ფასები ეტაპობრივად განისაზღვრება.
რომელი მედიკამენტები გაიაფდება? ჯანდაცვის უწყებამ გამოქვეყნა სია ახალი ფასებით>>>
გასული წლის დასაწყისში საქართველომ თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გახსნა. ფასების ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა.
ფარმაცევტული კომპანიები 15 თებერვლიდან განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვას ვეღარ შეძლებენ – მათ ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე აქვთ.
2021 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის – მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას.
ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული სფეროს მოქმედებების გეგმა შემუშავდა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე, ჯანმოს კვლევების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0