საქართველოს პრემიერი ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის გეგმებს გაეცნო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
მიმდინარე პროგნოზით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 8 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო 2026 წლისთვის – 10 ათას დოლარს.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის შედეგები, ასევე 2023 წლის გეგმები და პროგნოზები მიმოიხილა სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან ერთად, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა ფინანსთა სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და ძირითად მიმართულებებზე. საუბარი შეეხო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“-ის იმპლემენტაციის დინამიკას.
ფინანსთა მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია 2023 წლის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებზე.

საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი

აღინიშნა, რომ 2021 წელს დაფიქსირებული 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ 2022 წელს ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა და 10,1% შეადგინა.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლისთვის ეკონომიკური ზრდისა და მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებლების პროგნოზები შეადგენს 5%-ს, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 80 მლრდ ლარამდე იქნება.
მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზი საშუალოდ 5%-ის დონეზეა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი 3%-ს შეადგენს. შესაბამისად, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 2023 წელს პროგნოზირებული 79,7 მილიარდი ლარიდან 2026 წლისთვის გაიზრდება 101,2 მილიარდ ლარამდე.
რაც შეეხება მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, არსებული პროგნოზით, 2023 წლისთვის მისი მაჩვენებელი 8 ათას დოლარს, ხოლო 2026 წლისთვის – 10 ათას დოლარს გადააჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და საშუალო 5,8%-ს გაუტოლდება.

სსფ-ის პროგრამის შესრულება

სამუშაო თათბირზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან 3-წლიანი პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც ქვეყნის რეფორმების მხარდაჭერისკენ არის მიმართული.
რეფორმებს შორისაა: სახელმწიფო საწარმოების რეფორმა; სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა; საგადასახადო დანახარჯების ანალიზი და ოპტიმიზაცია.
„სახელმწიფო საწარმოების რეფორმა უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი ფისკალური რეფორმაა. უკვე დამტკიცებულია რეფორმის სტრატეგია და მუშავდება საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები. პარალელურად აქტიურად გაგრძელდება რეფორმის პროცესი საპილოტო საწარმოებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საპილოტო საწარმოებად „საქართველოს ელექტროსისტემის“ გარდა განისაზღვრა: „საქართველოს რკინიგზა“; „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“; „აეროპორტების გაერთიანება“.

საინვესტიციო რეიტინგთან ერთ ნაბიჯში

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის ბოლო რეიტინგის თანახმად, კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.
პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა: მთავრობის ვალის შემცირება; ფისკალური დეფიციტის კლება; საერთაშორისო რეზერვების შევსება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველომ გააუმჯობესა ვალის მშპ-სთან მიმართებით მაჩვენებელი 2019 წელთან – პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. 2022 წელს ვალის მაჩვენებელმა მშპ-ის მიმართ შეადგინა 39,6%, მაშინ, როცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი 40,4%-ს შეადგენდა.
„ეს, თავის მხრივ, აისახა მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე და ისეთი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაში, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
Fitch-ის შეფასებით, ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება რეიტინგის BB+ დონეზე გაუმჯობესების წინაპირობა იქნება.
როგორც წინა შეფასებებისას, სააგენტო რეიტინგის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს ეკონომიკური მმართველობის მაღალ ხარისხს, სტაბილურ, სანდო მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას.
ფინანსთა უწყება: საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკურ პროგნოზებს აუმჯობესებენ >>
მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და დოლარიზაციის შემცირების ტრენდი, რაც მომავალშიც დაეხმარება საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო შეფასებების დროს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch ელოდება რეიტინგის გაუმჯობესებას, რითაც ქვეყანას უკვე ერთი ნაბიჯი დარჩება საინვესტიციო რეიტინგამდე.
პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგიის განახლებაზე, რომელშიც დაზუსტდება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ რომელ პროექტებზე იქნება სავალდებულო წინასწარი შეფასების განხორციელება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, ესაა საგადასახადო შეღავათების (დანახარჯების) ანალიზი/ოპტიმიზაცია. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარებით მიმდინარე წლიდან იგეგმება მსხვილი საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის შესწავლა.

დიდი გეგმები

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის სხვა გეგმები:
2023 წლის 2-5 მაისს კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩჰონში საქართველო წარდგება, როგორც 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა;
2023 წელს შემუშავდება საჯარო ერთეულებად კლასიფიცირებული სახელმწიფო საწარმოების ხაზინის მომსახურებაზე ეტაპობრივად (2026 წლიდან სრულად) გადაყვანის სამოქმედო გეგმა, ასევე მოხდება საჯარო სკოლების მომზადება 2024 წელს ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემის მომსახურებაზე გადასასვლელად;
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - ახალი სტატისტიკა >>
დამტკიცდება საჯარო ფინანსების მართვის ახალი საშუალოვადიანი სტრატეგია; დამტკიცდება ვალის მართვის განახლებული სტრატეგია; მუშაობა გაგრძელდება მუნიციპალიტეტების საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფაზე, მათ შორის, ფისკალური დეცენტრალიზაციის პრინციპების გათვალისწინებით; გაგრძელდება IPSAS პრინციპებზე დაფუძნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების სრულყოფაზე მუშაობა.
სამუშაო თათბირზე მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
წყარო - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ყველა ახალი ამბავი
0