საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება - ვიცე-პრემიერის პროგნოზი

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
მშპ-ის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ეკონომიკური აქტიურობით რამდენიმე სექტორში, რომელთა შორის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტურიზმის აღდგენას, აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ეკონომიკური აქტიურობა რამდენიმე სექტორში, რამაც 2022 წელს მშპ-ის ზრდის დადებითი ტენდენცია განაპირობა, მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკა 2023 წელსაც გაიზრდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის დეკემბერში 11% შეადგინა 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ხოლო რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2022 წელს 10,1%-ს შეადგენს.
დავითაშვილის თქმით, მშპ-ის ზრდა ძირითადად გამოიწვია ეკონომიკურმა აქტიურობამ რამდენიმე სექტორში, მათ შორის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტურიზმის აღდგენას, სადაც შემოსავლებმა 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო ექსპორტის ზრდა, რომელმაც ისტორიულ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 5,6 მლრდ დოლარი შეადგინა.
მინისტრის თქმით, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ აქტივები ძალზე დივერსიფიცირებული იყო როგორც ტრანსპორტისა და სასაწყობო ლოგისტიკის სფეროებში, ისე მშენებლობაში უძრავი ქონების მიმართულებით, ასევე მომსახურებისა და წარმოების სფეროში.
2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - ახალი სტატისტიკა>>
ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა ფაქტი, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“, ხოლო რეიტინგი BB დონეზე უცვლელი დატოვა.
სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის თანახმად, საქართველოს რეიტინგისა და პოზიტიური პერსპექტივის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტიანი პოლიტიკა და სხვა BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით უკეთესი ეკონომიკური განვითარებისა და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს.
მინისტრის განცხადებით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ ქვეყანა დადებით ტენდენციებს შეინარჩუნებს 2023 წელს, შემდეგი შეფასებისას მისი სუვერენული რეიტინგი გაუმჯობესდება.
ფინანსთა უწყება: საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს ეკონომიკურ პროგნოზებს აუმჯობესებენ>>
„ჩვენი მოლოდინია, რომ შევინარჩუნებთ დადებით ტენდენციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წელს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით იყო, არამედ, როგორც ვთქვით, ის საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მრავალ სექტორს მოიცავს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა იმას, რომ დეკემბრის თვეში საკმაოდ მაღალი იყო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რომელიც 18,1%-ით გაიზარდა.
ამას გარდა, დეკემბერში გაზრდილი იყო ტურისტული აქტივობა, ტურიზმის სექტორიდან შემოსავლებმა 555 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა ფულადი გადარიცხვების მიმართულებითაც – უცხოური ვალუტის გადმორიცხვებმა საქართველოში 535 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ხელისუფლება 2023 წელს ტურიზმის განვითარებას გააგრძელებს>>
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0