„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ნაციონალური მოძრაობა“. ახალი პოლიტსაბჭოს არჩევის ცერემონია
„ნაციონალური მოძრაობა“. ახალი პოლიტსაბჭოს არჩევის ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
გამოწერა
შიდაპარტიულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ თანამდებობა დატოვა.
ნაყოფიას თქმით, ის მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა პარტიას. მისი თქმით, ეს პარტიის დამფუძნებელთან, ამჟამად მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შემდეგ მოხდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარტიული თანამდებობები დატოვეს ასევე ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ და გიორგი პატარაიამ.
„ნაცმოძრაობის“ რამდენიმე წევრმა პარტიული თანამდებობა დატოვა >>
პარტიის წევრებმა დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც შიდაპარტიულ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა „ნაცმოძრაობის“ აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ხაბეიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 40%. თავად მელიამ ხაბეიშვილს უკვე მიულოცა გამარჯვება.
კობა ნაყოფიამ, რომელიც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო, ასევე შეაფასა შიდაპარტიული არჩევნები, რომელიც ელექტრონულად ჩატარდა. მისი თქმით, არჩევნები იყო მძიმე, თუმცა გამჭვირვალე, კენჭისყრის პროცესში არავინ ჩარეულა.

„მძიმე არჩევნები იყო და მე, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, შევძელი და ყველა გადაწყვეტილება კომისიის შიგნით მივიღეთ კონსენსუსით, ორჯერ ჩატარდა კენჭისყრა კომისიის მუშაობის დროს. სხვა საკითხებზე არ ჩაგვიტარებია, იმდენად შეთანხმებულად ვმუშაობდით კამათის მიუხედავად. პროცესი იყო გამჭვირვალე, არავინ ჩარეულა და არანაირი მანიპულაცია არ ყოფილა, გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, ვინც დააგროვა ხმების უმრავლესობა. მე სულ ვამბობდი, რომ შედეგები უნდა აღიარებულიყო, რადგან ვხედავდი, რომ არანაირი მანიპულაცია არ მომხდარა. საზოგადოებას ვაჩვენეთ, როგორ უნდა ტარდებოდეს არჩევნები. მოხარული ვიქნები, ასე თუ ჩატარდება საპარლამენტო თუ სხვა არჩევნები“, – განაცხადა ნაყოფიამ.

კობა ნაყოფია პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ 2022 წლის იანვარში აირჩიეს. მაშინ კობა ნაყოფიამ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია შეცვალა.
პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ პირველ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვება შიდაპარტიულ არჩევნებში ეკუთვნის მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც თავის დროზე დააარსა „ნაციონალური მოძრაობა“.
ხაბეიშვილმა ასევე პირობა დადო, რომ იმ დრომდე არ გაჩერდება, ვიდრე სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იქნება უზრუნველყოფილი.
რჩება თუ ტოვებს „ნაცმოძრაობას" მელია? პოლიტიკოსის განმარტება >>
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დაარღვიოს კანონი და არ გამორიცხა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. მისი თქმით, საქართველოს რეგიონში გაიხსნება ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა (ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერდა - რედ.). ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ყველა ახალი ამბავი
0