რევოლუცია სააკაშვილის გასათავისუფლებად - რეაქციები ხაბეიშვილის განცხადებაზე

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2023
გამოწერა
ხაბეიშვილის განცხადება არ მოიწონეს არც თანაგუნდელებმა და არც ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ არ გამორიცხა ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გათავისუფლება ციხიდან.
ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა რაიონსა და რეგიონში გაიხსნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ოფისები. როგორც მან აღნიშნა, იგი არ აპირებს ხელები ჩამოუშვას და მზად არის კანონიც დაარღვიოს.
ხელისუფლების პოზიცია
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხაბეიშვილის განცხადებას პათეტიკური და უპასუხისმგებლო უწოდა.

„ეს, ალბათ, უფრო მეტად გათვლილია პარტაქტივის მცირე ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება გაუჩნდეს რაღაც ემოცია, როდესაც მსგავს განცხადებას მოისმენს", – განაცხადა წულუკიანმა.

ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა მოქმედება იქნება ლეგიტიმური. „არ ვაპირებ, მათ შორის, ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან და ის ბარიკადი, რაც იქნება ჩვენ წინ, არ გადავლახო", – თქვა მან. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ქვეყანაში რეალობის შესაცვლელად საჭიროა რევოლუციური ცვლილებები.
„ნაცმოძრაობა“ იშლება – გია ვოლსკი>>>
რევოლუციის შესახებ ხაბეიშვილის განცხადებას სასაცილო უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
„მათ ფაქტობრივად აღიარეს, რომ დემოკრატიული პროცესებით ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევენ და მხოლოდ რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. მეორე მხრივ, ძალიან სასაცილოა, როცა რევოლუციაზე საუბრობენ ისეთი პერსონაჟები, როგორიც არის ხაბეიშვილი ან ამ პარტიის სხვა კანდიდატები", – განაცხადა იონათამიშვილმა.
ერთადერთი, რასაც რევოლუციაზე საუბრით რადიკალური ოპოზიცია მიიღებს, არის „ნაციონალური მოძრაობის" საქართველოს პოლიტიკური სივრციდან გაქრობის დაჩქარება, აღნიშნა დეპუტატმა.
ოპოზიციის რეაქცია
ხაბეიშვილის განცხადება შეაფასეს მისმა თანაპარტიელებმაც. დეპუტატ ხატია დეკანოიძის თქმით, ნებისმიერი მსგავსი განცხადების გაკეთებისას საჭიროა მეტი სიფრთხილე.

„ჩვენ ამას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. რეალურად არ შეიძლება ისეთი დაპირების მიცემა, რომელიც პრაქტიკულად განუხორციელებელია", – განაცხადა დეკანოიძემ.

ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარის ნიკა მელიას მთავარ კონკურენტად ითვლება. თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლო პერიოდში სულ უფრო მძაფრდება. შიდაპარტიული არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტია საბოლოოდ გაიხლიჩა ორ ბანაკად – ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებად და რადიკალურ „ძველ გვარდიად“.
ვნებათაღელვა „ნაცმოძრაობაში"
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
მელია თავის ოპონენტებზე: „აღარ დატოვეს არცერთი წითელი ხაზი">>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ყველა ახალი ამბავი
0