პაპუაშვილი გირგვლიანის საქმეზე: შეთანხმებულად მოქმედებენ, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდეს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
გირგვლიანი გარდაცვლილი იპოვეს 2006 წლის 28 იანვარს, მას შემდეგ, რაც მას წინა დღით თბილისის ერთ-ერთ ბარში შსს-ს ჩინოვნიკებთან კონფლიქტი მოუვიდა.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და უცხოელი მფარველები შეთანხმებულად მოქმედებენ, რათა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც წინა დღით თბილისის ცენტრში მდებარე „შარდენ-ბარში“ შსს-ს მაშინდელ მაღალჩინოსნებთან კონფლიქტი მოუვიდა. 2006 წელს გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ შსს-ს ოთხ თანამშრომელს განაჩენი გამოუტანა და 6-დან 7 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისინი შეიწყალა და მათი პატიმრობის ვადა ორჯერ შემცირდა.

„წლები გადის, ქართული საზოგადოება კი კვლავ გაოგნებული უყურებს სააკაშვილის ქართველი მეგობრებისა და უცხოელი მფარველების შეთანხმებულ ქმედებებს, რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდეს“, – დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ მაგალითად მოიყვანა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასების ნაწილი, სადაც წერია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო მოქმედებდა… რათა [სანდრო გირგვლიანის] ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
დაღუპული ახალგაზრდის ოჯახმა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შსს-ს ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ შეიტანა. სასამართლომ 2011 წელს საქართველოს მთავრობას გირგვლიანის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
გირგვლიანის საქმის ხელახლა განხილვა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო.
როგორ მოკლეს გირგვლიანი
პროკურატურის მასალებით, 2006 წლის 27 იანვარს სანდრო გირგვლიანი „შარდენ-ბარში“ ეკამათა თავის მეგობარ თათია მაისურაძეს, რომელიც მაგიდასთან შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თამარ სალაყაიასთან და დათა ახალაიასთან - იმ დროს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) უფროსთან ერთად იჯდა. ახალაიამ ბარში გამოიძახა კუდ-ის თანამშრომლები, რომლებმაც მისი დავალებით გირგვლიანი და მისი მეგობარი ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს.
კუდის თანამშრომლებმა გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს და ყინვაში დგომა აიძულეს, შემდეგ კი ცემა დაუწყეს. გირგვლიანის ცხედარი მეორე დღეს ოქროყანის სასაფლაოსთან ახლოს იპოვეს, ნათქვამია უწყების მასალებში.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ იმ მომენტში შსს-ს ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დანაშაული უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება და დადგებოდა როგორც ახალაიას, ისე მერაბიშვილის პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ყველაფერი სააკაშვილის შესახებ - დიპკორპუსი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობას გაეცნო>>
აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მერაბიშვილმა, დათა ახალაიამ და მისმა ძმამ ბაჩო ახალაიამ, რომელიც იმ დროს საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო, გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის მიზნით სპეციალური გეგმა შეიმუშავეს.
პროკურატურის მტკიცებით, გვირგვლიანის საქმის გამოძიებას, მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, თავად ახალაია ჩაუდგა სათავეში. მან 2006 წლის თებერვალში გირგვლიანის გატაცებაში მონაწილე კუდის თანამშრომლები შეკრიბა და კატეგორიულად განუცხადა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა, არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამის სანაცვლოდ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებით ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ.
ახალაია ასევე თითოეულს დაჰპირდა საპატიმროში ყოფნის პერიოდში ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ თანხებს და სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგირებული პირობების შექმნას.
პაპუაშვილი: სააკაშვილის თანამებრძოლების მიზანი მისი მდგომარეობის გაუარესებაა>>
ამის შემდეგ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის მარტში საჯაროდ გაცხადდა, თითქოს დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები – კუდის თანამშრომლები გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, ხოლო დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილე დავით ქოქიაშვილი საერთოდ განრიდებულ იქნა საქმიდან.
სასამართლოს გადაწყვეტილებით გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ გირგვლიანის მკვლელობის საქმეში და გერონტი ალანიას თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით, ხოლო მიხეილ ბიბილურიძეს, ავთანდილ აფციაურს და ალექსანდრე ღაჭავას – 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული პირები, ახალაიას დაპირებისამებრ, საპატიმროში პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობდნენ, გარდა ამისა, თითოეულ მათგანს ეტაპობრივად 100.000 აშშ დოლარი გადაეცა. 2008 წლის ნოემბერში სააკაშვილმა შეიწყალა შსს-ს თანამშრომლები და საპატიმრო ვადები გაუნახევრა, რის შედეგადაც ისინი პირობით ვადამდე გათავისუფლდნენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0