ყველაფერი სააკაშვილის შესახებ - დიპკორპუსი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობას გაეცნო

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მომხრეების აქცია
სააკაშვილის მომხრეების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.12.2022
გამოწერა
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან.
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის ექს-პრეზიდენტის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან.

„შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაქსიმალური გამჭვირვალობა პრიორიტეტია იუსტიციის სამინისტროსთვის და მომავალშიც მოხდება საკითხის თაობაზე საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება, აღნიშნეს სამინისტროში.
საექსპერტო ჯგუფების ექიმები ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი მკურნალობა უშედეგოა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამასთან დაკავშირებით ისინი სასჯელის გაუქმებას ან გადავადებას მოითხოვენ, რათა ექს-პრეზიდენტმა საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა შეძლოს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები კლინიკა „ვივამედში" მყოფი ექს-პრეზიდენტის პალატიდან.
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის საქმეში საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტია ჩართული>>
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
„არა სააკაშვილის შეწყალებას!“ - თბილისში აქცია გაიმართება>>
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0