„შიდა საქმეებში ჩარევა": ქართული პოლიტელიტა ზელენსკის მოწოდებასთან დაკავშირებით

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, შესაძლოა, საკითხში კარგად გარკვეული არ არის.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელიც ოფიციალურ თბილისს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანისკენ მოუწოდებს.
უკრაინის ლიდერმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „მიიღონ გადაწყვეტილება, რომელსაც მისი (სააკაშვილის) სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“ და იგი გადაიყვანონ უკრაინის, ევროპის ან აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის ხელისუფლება „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ერთგვარ თავშესაფრად იქცა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ლობირებენ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
„ეს არის სრული სურათი იმისა, თუ როგორ ვრცელდება ინფორმაცია“, – განაცხადა დეპუტატმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ ზელენსკი შეიძლება არასაკმარისად არის ინფორმირებული აღნიშნული საკითხის შესახებ.
„შეიძლება იგი კარგად არ იცნობს საკითხს, ან შეიძლება მისი გარემოცვა არასრულ ინფორმაციას აწვდის მას“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ოპოზიციის რეაქციები
ოპოზიციური პარტია „ მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ უკრაინის ლიდერი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს.

„მოწოდება – გაათავისუფლეთ ან გადაიყვანეთ სხვა ადგილზე... ეს სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი მიდის სხვა ქვეყნის მიერ გასამართლებულ პირზე“, – განაცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.

ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე კი ზელენსკის შეშფოთებას იზიარებს.
„არ შეიძლება სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხუმრობა. ეს სპეკულაციის თემად არ უნდა იქცეს. მე ვიზიარებ ზელენსკის შეშფოთებას. სააკაშვილს უნდა მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მოშიმშილე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პოლარიზაციის შემცირებისთვის პირობა დაასახელეს>>>
საქართველოს ხელისუფლებამ ყური უნდა დაუგდოს ზელენსკის მოწოდებას, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე.
„ომში ჩაბმული ქვეყნის მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. ვნახოთ როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების პასუხი – მხედველობაში მიიღებენ თუ არა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და პარტნიორების თხოვნას, თუ ეცდებიან ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას და უარს ეტყვიან უკრაინის პრეზიდენტს“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. როგორც მან განაცხადა, თუ არ შეწყდება დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა, სამინისტრო იძულებული იქნება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
დეპუტატი: სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს, რომ სასჯელთა შეკრებითობა გაუქმებულია>>>
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0