მოშიმშილე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პოლარიზაციის შემცირებისთვის პირობა დაასახელეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ხელს შეუწყობს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის შემცირებას, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ, რომელიც რამდენიმე თანაპარტიელთან ერთად პარლამენტის შენობაში შიმშილობს.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს.

„შიმშილობის მეხუთე დღესაც ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი – გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე... პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს“, – განაცხადა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

პროტესტის უკიდურეს ფორმას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხმა დეპუტატმა გასულ კვირაში მიმართა, თუმცა ამ დროისათვის შიმშილობას აგრძელებენ დავით კირკიტაძე, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია. აბდულ ისმაილოვმა შიმშილობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო გუშინ შეწყვიტა.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აღნიშნულ აქციას „აზრს მოკლებულად“ მიიჩნევენ.
„არ მგონია, რომ ამ ნაბიჯით შეიძლება რაიმე პოზიტიურს მიაღწიონ. იგი უფრო საზოგადოების ბულინგის სახეს იღებს. არაადეკვატური მოთხოვნებით დაწყებულ შიმშილობებს შედეგი არ მოაქვს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამის შესახებ თავად მოშიმშილეებმაც კარგად იციან. დღეს ან ხვალ ეს არარელევანტური აქცია დასრულდება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
კლინიკა „ვივამედის“ ექიმების გარდა, მსჯავრდებული გამოიკვლია ომბუდსმენის აპარატთან შექმნილმა ექსპერტების ორმა ჯგუფმა, ასევე ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ უცხოელ ექიმებთან ერთად.
დეპუტატი: სააკაშვილი მადლობელი უნდა იყოს, რომ სასჯელთა შეკრებითობა გაუქმებულია>>>
ექიმები აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. სასამართლო სხდომა ამ საკითხზე 22 დეკემბერს დაინიშნა.
ექსპერტთა ჯგუფების სამედიცინო დასკვნებში ნათქვამია, რომ წინა გამოკვლევასთან შედარებით სახეზეა ენცეფალოპათია, სენსომოტორული ნეიროპათია, ანემია, კახექსია, რაც თავისთავად მძიმე პროგნოზის მქონე მდგომარეობაა. ექიმების თქმით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება ტემპერატურის მატება, გასტროენტეროლოგიური და მხედველობის პრობლემები, მეხსიერების დაქვეითება, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი.
ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, ექსპერტების 2022 წლის 6 დეკემბრის დასკვნა დამატებით დიაგნოზსაც მოიცავს, მაგრამ ის, სენსიტიური ხასიათის გამო, არ გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია ამ დასკვნის შესახებ წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ცენტრი „ემპათია“ კატეგორიულად აცხადებს, რომ სააკაშვილი მოწამლულია. ცენტრის დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, კლინიკა „ვივამედმა“ თავადაც ჩაატარა ტოქსიკოლოგიური კვლევა გერმანიაში, რომელმაც სააკაშვილის სისხლში მცირე რაოდენობით ოთხი ლითონის არსებობა აჩვენა – ვერცხლისწყლის, დარიშხანის, თალიუმისა და ტყვიის.
მოგვიანებით სააკაშვილის თმის კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ისეთი ლითონები, როგორიცაა ვერცხლისწყალი, ბარიუმი, ბისმუტი. ფრჩხილებში კი აღმოჩენილია კადმიუმი, მანგანუმი.
იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილზე 12–ჯერ მეტი დაიხარჯა, ვიდრე ნებისმიერ სხვა პატიმარზე>>>
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა პირობა შეასრულა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის თანამებრძოლებმა და მომხრეებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხს უკვე სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0