ელექტროკაბელის გაყვანა შავ ზღვაში: რა როლი ენიჭება პროექტში საქართველოს

© photo: Sputnik / Stringerმაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2022
გამოწერა
ეს არ იქნება მხოლოდ ცალმხრივი კავშირი, როდესაც ელექტროენერგია მხოლოდ ევროპას მიეწოდება, განმარტა ლევან დავითაშვილმა.
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველო იქნება წამყვანი ძალა სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტში, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს. ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს.

„საქართველო ამ პროექტში იქნება მთავარი წარმმართველი ძალა და ლიდერი პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვაზე საქართველოს როლის შესახებ, რადგან ზოგიერთი განცხადების გათვალისწინებით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ელექტროენერგიის მთავარი ექსპორტიორი აზერბაიჯანი იქნება.
როგორ მინისტრმა აღნიშნა, უკვე არსებობს აქტიური გეგმა და იტალიური საერთაშორისო კომპანია მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ატარებს.
მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტის ინიციატორი საქართველო იყო.
„მსოფლიო ბანკის მხრიდან აღებული სესხით სახელმწიფო (საქართველო) აფინანსებს ამ პროექტს და მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში. შემდეგი ეტაპებიც საქართველოს მხრიდან დაფინანსდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უკვე მზად არის ამისთვის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან.

„რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მას აქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რომ აწარმოოს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ელექტროენერგია, დღეს ის თვითკმარია და აქცენტს აკეთებს ექსპორტზე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს მთავრობა ჰესების მშენებლობისას ინვესტიციების ხელშეწყობის სქემას ცვლის >>
მისი თქმით, აზერბაიჯანის მხარის განცხადებები გაიმეორეს სხვადასხვა პარტნიორებმა, რომ მათ შორის ეს დამაკავშირებელი ახალი ხაზი საშუალებას მისცემს ევროპას, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან შეძლოს ელექტროენერგიის მიღება.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ელექტროენერგიის წარმოების კუთხით ყველაზე პერსპექტიული ქვეყანაა.
„რაც შეეხება საქართველოს რესურსებს და შესაძლებლობებს, რასაც არ უნდა საუბრობდნენ და რომელი ქვეყანაც არ უნდა საუბრობდეს, პერსპექტივაში ენერგოშესაძლებლობებზე, განახლებადი ენერგიებიდან მიღებულ ელექტროენერგიაზე საქართველო არის ცალსახად ყველაზე პერსპექტიული ქვეყანა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
დავითაშვილი: საქართველო საუკუნის პროექტის ინიციატორია >>
მისი თქმით, საქართველოს გააჩნია არა მხოლოდ ჰიდროელექტროენერგიის წყაროები და ელექტროენერგიის გენერაციის საშუალება, არამედ საკმაოდ პერსპექტიული პროექტები ქარისა და მზის ენერგიის კუთხითაც.
მან ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ დამტკიცებულ პროგრამაზე, რომელიც 1,5 ათასი მეგავატი სიმძლავრის ახალი „მწვანე ელექტროსადგურების“ მშენებლობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მთავრობა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში უახლოესი სამი წლის განმავლობაში სულ მცირე 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ელოდება.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ ელექტროენერგიის ექსპორტზე ევროპაში.
მისი თქმით, სხვადასხვა სიტუაციაში, გარემოებებიდან გამომდინარე, ბალანსისთვის იგულისხმება, რომ იყოს მათ შორის იმპორტის შესაძლებლობაც.
მინისტრი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია და თანდათანობით პროექტში სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან.
ყველა ახალი ამბავი
0