საქართველოს მთავრობა ჰესების მშენებლობისას ინვესტიციების ხელშეწყობის სქემას ცვლის

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
ახალი სქემა შეთანხმებულია და რამდენიმე დღის შემდეგ ის ოფიციალურ სახეს მიიღებს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობის ახალი სქემის წყალობით მთავრობა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მინიმუმ 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ელოდება შემდეგი სამი წლის განმავლობაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ორშაბათს.
უკრაინის მოვლენებმა, რამაც მსოფლიოში ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია, კიდევ ერთხელ აჩვენა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს საკმაოდ დიდი ჰიდრორესურსები გააჩნია, რომლებიც მაქსიმალურად გონივრულად უნდა იყოს გამოყენებული.

„მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა განმარტა, რომ სქემა, რომელსაც მთავრობა ინვესტორებს შესთავაზებს, ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით.
Cfd არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
პრემიერის განცხადებით, ეს მოდელი ჯერჯერობით არ ეხება ისეთ დიდ პროექტებს, როგორიცაა „ნამახვანჰესი“, „ნენსკრაჰესი“ და „ხუდონჰესი“.
„დაახლოებით 2,2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, უახლოესი სამი წლის განმავლობაში ჯამში მოსალოდნელია ინვესტიციები სექტორში 3 მლრდ დოლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი პროექტები გაფორმდება და დაიწყება მათი რეალიზაცია.
რეფორმა ენერგეტიკის სექტორში: გერმანია საქართველოს 27 მლნ ევროს გამოუყოფს>>
პრემიერის განცხადებით, მთავრობა ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად მუშაობდა ახალი სქემის შემუშავებაზე. მათ შორის, ჩატარდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
„ეს სქემა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რატომ გახდა აუცილებელი ენერგეტიკული პროექტების ახალი სქემების შემუშავება.
პრემიერის თქმით, ბოლო წლებში ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა შეჩერებული იყო და ამ მიმართულებით ჯამურად დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობა, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება - ბოლო მონაცემები>>
მისი თქმით, მეორე საკითხია ის, რომ ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც და, ზოგადად, ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე.
„ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორე მხრივ კი ვაცხადებთ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის ორნიშნა ზრდით საქართველოში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც, რომელსაც ადგილობრივი გენერაცია არ ჰყოფნის. თუ ქვეყანაში არ დაიწყება ჰესების მშენებლობა, უახლოეს წლებში ელექტროენერგიის დეფიციტს შეიძლება შევეჯახოთ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა - ექსპერტი მიზეზებზე საუბრობს>>
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოში გამომუშავდა 9,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 22,6%-ით მეტია; ხოლო ამავე პერიოდში გამოყენებული იყო 10 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0