ხმაური პარლამენტში: ოპოზიციამ იუსტიციის მინისტრს საპროტესტო აქცია მოუწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
რატი ბრეგაძის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საერთო ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საპროტესტო აქცია მოაწყვეს მას შემდეგ, როდესაც ტრიბუნასთან იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მივიდა.
კანონმდებლების წინაშე ბრეგაძე შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშით „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში წარდგა.
მინისტრის ტრიბუნაზე გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მას სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა, რომელიც არა პარლამენტში, არამედ პროკურატურაში უნდა იყოს და გამოძიების კითხვებს პასუხობდეს. მისი თქმით, ბრეგაძემ „სიკვდილის ქრონიკა გამოაცხადა" – საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში კვდება.
ამის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენა.

„ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს. ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ", – მიმართა პაპუაშვილმა დეკანოიძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები მიიტანეს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოღებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო. მათ ასევე გამოფინეს ბანერები წარწერით „ნუ კლავთ!“
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. მანამდე რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში მინისტრმა ოპოზიციის პერფორმანსს გასაგები უწოდა და ითხოვა აქციის მონაწილეებისკენ ვიდეოკამერა მიემართათ, რათა მათი სახე ყველას დაენახა. პლენარული სხდომები საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ამ კომენტარით აღშფოთებულმა ოპოზიციონერებმა ხმაური ატეხეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ჩართული მიკროფონის გარეშე განცხადებების გაკეთება არ შეიძლება და ოპოზიციონერებს მათი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას დაჰპირდა. თუმცა პაპუაშვილმა აქციის მონაწილეების დამშვიდება ვერ შეძლო და მათ სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
სააკაშვილს გაათავისუფლებენ? პარლამენტის სპიკერი უკრაინის საგარეო უწყებას პასუხობს>>>
ხმაურის გამო სხდომამ რამდენიმე წუთით მუშაობა შეწყვიტა. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, მინისტრმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, მათ შორის „რადიკალური ოპოზიციის“ მოქმედების გამოც. მისი თქმით, ოპოზიციონერებმა ნათლად აჩვენეს, რომ „არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან“.

„აქ ჩვენ მოვისმინეთ ცილისწამება, როცა ადამიანს აბრალებთ, რომ ის არის მკვლელი. ნება მომეცით, ამ ოროსნებს შევახსენო, რომ ადამიანს კრიმინალი შეიძლება უწოდო მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო მის წინააღმდეგ კანონიერ განაჩენს გამოიტანს. თუმცა, უკვე შევეჩვიე ამ ტიპის ცილისწამებას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა 1 დეკემბერს მიმართეს.
როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, სააკაშვილის თანამოაზრეებმა სახელმწიფოს მადისკრედიტირებელი ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს, და თუ დეზინფორმაციული კამპანია არ შეწყდება, სამინისტრო გაავრცელებს ვიდეოჩანაწერებს იმ კლინიკიდან, სადაც სააკაშვილი 12 მაისიდან იმყოფება.
რამდენი უჯდება სახელმწიფოს სააკაშვილის შენახვა?>>>
მინისტრმა დაპირება შეასრულა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის ვიდეოკადრები კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილის მხარდამჭერებმა სამინისტრო ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გამოქვეყნებაში დაადანაშაულეს. საკითხის შესწავლას უკვე შეუდგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0