სააკაშვილს გაათავისუფლებენ? პარლამენტის სპიკერი უკრაინის საგარეო უწყებას პასუხობს

© courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა, შესაბამისად, სასჯელს სამშობლოში მოიხდის, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და საქართველოს მისი სასჯელის გადავადებისკენ მოუწოდებს, რათა შემდგომში მოხდეს სამკურნალოდ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში გადაყვანა. ამასთან, უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მიეცეს უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარს დმიტრო ლუბინეცს.

„მან დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა და სასჯელს საქართველოში იხდის. როგორც მე ვიცი, იგი არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც სასჯელს იხდის ქართულ ციხეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ექს-პრეზიდენტის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს უკვე არავინ უარყოფს და არავინ დავობს იმაზე, რომ იგი თითქოს უკანონოდ არის გასამართლებული.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ სასჯელის გადავადებას თავისი პირობები აქვს და სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები სწორედ ამისკენ ისწრაფვიან. კერძოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გაუარესდეს და მიაღწიოს კრიტიკულ ზღვარს, რათა სასამართლომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე აღიაროს.
„სწორედ ეს არის პრობლემა. ისინი, სააკაშვილის მეგობრები, სინამდვილეში მისი მტრები არიან, რადგანაც მაქსიმალურად ცდილობენ მისი მდგომარეობის დამძიმებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები აცხადებენ, რომ იგი სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვა სასამართლოში უკვე ორჯერ გადაიდო. სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
რამდენი უჯდება სახელმწიფოს სააკაშვილის შენახვა?>>>
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ, ანი წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა პარლამენტის შენობაში მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყეს. დღეს მათ თემურ ჯანაშია შეუერთდა.
პაპუაშვილმა უკვე მოინახულა მოშიმშილე დეპუტატები და მათ პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თუმცა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, ისინი იმ დრომდე გააგრძელებენ შიმშილობას, ვიდრე არ მოხდება სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა.
14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს უარი უთხრა სასამართლო სხდომაში დისტანციურ მონაწილეობაზე, სადაც მისი სასჯელის შეცვლის საკითხი უნდა განხილულიყო, ექს-პრეზიდენტმა დაპატიმრების დღიდან (2021 წლის 1 ოქტომბერი) შიმშილობა უკვე მესამედ გამოაცხადა.
თუმცა, სააკაშვილმა რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების რჩევას ითვალისწინებს და შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, ევროდეპუტატებმა მას კატეგორიულად სთხოვეს, ამ ეტაპზე შეწყვიტოს შიმშილობა, რათა საბაბი არ მისცეს შესაბამის სამსახურებს, თითქოს ის თვითონ აყენებს საკუთარ თავს ზიანს.

მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.

მინისტრმა დაპირება შეასრულა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის ვიდეოკადრები კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0