თემურ ჯანაშია პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" მოშიმშილე დეპუტატებს შეუერთდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2022
გამოწერა
დეპუტატების განცხადებით, პროტესტის უკიდურესი ფორმა გაგრძელდება იქამდე, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის მოშიმშილე ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა – მათ დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა.
გუშინ დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულ ისმაილოვმა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი მოითხოვენ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას.

„მე მივიღებ ყველა იმ საპროტესტო აქტივობაში მონაწილეობას, რაც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იქნება შიმშილობის აქცია თუ სხვა. მოცემულ შემთხვევაში პროტესტის ამ ფორმას ვუერთდები. შიმშილობას ვაპირებთ, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ვიდრე არ მოხდება მისი საზღვარგარეთ გადაყვანა", – განაცხადა ჯანაშიამ.

სააკაშვილის ადვოკატები, ნათესავები, თანამებრძოლები და მომხრეები ამბობენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, რათა მან საზღვარგარეთ წასვლა და იქ მკურნალობა შეძლოს. შუამდგომლობის განხილვა პატიმრობიდან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლოში უკვე ორჯერ გადაიდო. სააკაშვილი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
14 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს უარი უთხრა სასამართლო სხდომაში დისტანციურ მონაწილეობაზე, სადაც მისი სასჯელის შეცვლის საკითხი უნდა განხილულიყო, ექს-პრეზიდენტმა დაპატიმრების დღიდან (2021 წლის 1 ოქტომბერი) შიმშილობა უკვე მესამედ გამოაცხადა.
პარლამენტის დეპუტატებმა „ნაცმოძრაობიდან“ სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადეს>>>
თუმცა, სააკაშვილმა რამდენიმე საათში განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატების რჩევას ითვალისწინებს და შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, ევროდეპუტატებმა მას კატეგორიულად სთხოვეს, ამ ეტაპზე შეწყვიტოს შიმშილობა, რათა საბაბი არ მისცეს შესაბამის სამსახურებს, თითქოს ის თვითონ აყენებს საკუთარ თავს ზიანს.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
მინისტრმა დაპირება შეასრულა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის ვიდეოკადრები კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
რამდენი უჯდება სახელმწიფოს სააკაშვილის შენახვა?>>>
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0