დისკრედიტაცია თუ სიმულაცია? პოლიტიკოსები სააკაშვილთან დაკავშირებულ ვიდეოკადრებს აფასებენ

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2022
გამოწერა
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლები უკმაყოფილო არიან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოკადრების გავრცელებით და ამას ყოფილი პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.
14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის ვიდეოკადრები კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან, სადაც ის 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება. კადრებში ჩანს, თუ როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან და ისტერიკას აწყობს.
კადრებიდან ასევე ჩანს, რომ თუ ოქტომბერში სააკაშვილი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა, დეკემბერში უკვე საყრდენს იყენებს.

„ამორალური, ძალზე ამაზრზენი, ჩვეულებრივი საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანაა ეს თქვენი იუსტიციის სამინისტრო. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად დისკრედიტაცია მოახდინონ მისი, თითქოს ის (სააკაშვილი) ძალიან კარგად გრძნობს თავს და აგრესიულად იქცევა“, – განაცხადა ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ.

აჩვენონ საზოგადოებას, თუ როგორ გამოიყურება იგი დღეს და რა მდგომარეობაშია. ამის შემდგომ კითხვები აღარავის ექნება, თქვა დოლიძემ.
არაადამიანური მოპყრობის პირობებში მყოფი სააკაშვილის მდგომარეობა ძალზე მძიმეა, განაცხადა ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
„ეს, პირველ რიგში, მათ მიერ გავრცელებული კადრებით დადასტურდა. წერტილი დაესვა სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია ან არ ჭამს“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოუწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ქმედითი ზომები მიიღოს ევროპარლამენტის მოწოდების შესასრულებლად.
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა - ვიდეო>>>
გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მიიღო. ანგარიშში ცვლილებები შევიდა საკმაოდ მკაცრი ფორმულირებებით.
ევროპარლამენტი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი შეიწყალოს.
„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა გადაწყვიტა. ეს ფაქტია. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი მხრიდან მკაფიო პოზიცია... რის გაკეთებას გეგმავთ, კონკრეტულად ჩვენ ეს გვაინტერესებს, და მოგიწოდებთ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელზეც ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირაა ნათქვამი“, – საჯაროდ მიმართა ვაშაძემ პრეზიდენტს.
„ქართული ოცნების“ პოზიცია
გავრცელებულ ვიდეოკადრებს განსხვავებულად აფასებენ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ სააკაშვილის მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია, რაც ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარემ და მისმა პოლიტიკურმა მეგობრებმა შექმნეს.

„როდესაც ექიმების ნაცვლად ისინი ლობისტებს ქირაობენ და სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე დასკვნებს ექიმების ნაცვლად ისინი აკეთებენ, ნათელია, რომ სინამდვილეში მათ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მეტად აინტერესებთ ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური მოტივაცია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება გამოქვეყნებულ კადრებს, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ყველას, ვინც მათ ნახავს, ​​ბუნებრივი რეაქცია ექნება იმის გამო, თუ რა პირობებში იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, როგორ ექცევა მას სამედიცინო პერსონალი, როგორ უკავშირდება ოჯახის წევრებს და რამდენად დიდი ყურადღება ექცევა მას.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მათ ვიდეოკადრები „საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე“ გაავრცელეს.
ვიდეოკადრებში ჩანს სახელმწიფოს სააკაშვილისადმი და სააკაშვილის მედპერსონალისადმი დამოკიდებულება, მისი შეურაცხმყოფელი და აგრესიული საქციელი, ნათქვამია განცხადებაში.
13 დეკემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვიდეოჩანაწერები იმის დასტურია, რომ ექს-პრეზიდენტს არავინ აწამებს, რასაც ხელისუფლების ოპონენტები დაჟინებით ამტკიცებენ. ისინი მიმართავენ „ყოველგვარ ბინძურ ხრიკებს“, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და სასამართლო პროცესს ხელი შეუშალონ.
სააკაშვილის სიმულირების მკაფიო მტკიცებულება არ არის - ომბუდსმენის აპარატი ვიდეოჩანაწერებზე>>>
მსჯავრდებული სააკაშვილი 12 მაისიდან სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0