პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
გამოწერა
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კადრებში ასახულია სააკაშვილისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება და სააკაშვილის დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალისადმი.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები, რომლებიც კლინიკა „ვივამედის“ პალატაშია გადაღებული.

2022 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, ისვრის პროდუქტებს და ბოთლებს, ვარდება საწოლიდან და ისტერიკას აწყობს.

კადრებიდან ჩანს ასევე, რომ ოქტომბერში სააკაშვილი დამოუკიდებლად გადაადგილდება, დეკემბერში კი უკვე საყრდენს იყენებს.
პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ ამ ვიდეომასალაში ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომელთა მიზანიცაა მართლმსაჯულების განხორციელების ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.
ამასთან, როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ვიდეოკადრების გამოქვეყნების გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ კადრები აჩვენებს სააკაშვილისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებას და სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალისადმი – შეურაცხყოფასა და აგრესიულ ქცევას.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „თუ საჭირო გახდება, კადრები გამოქვეყნდება“, და დასძინა, რომ იუსტიციის სამინისტრო იმ შემთხვევაში გახდება იძულებული გამოაქვეყნოს სააკაშვილის სიმულაციის მტკიცებულებები, „თუ ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას საფრთხე შეექმნება“.
2022 წლის 12 მაისიდან მსჯავრდებული სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. ყოფილი პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს, კერძოდ, ექსპერტთა სამედიცინო დასკვნები.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0