„ქართული ოცნება“ ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებულ პოზიციას სამშაბათს გაახმოვანებს

© Government of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხს სხვა თემებთან შედარებით ყველაზე მეტი დრო დაეთმო, განაცხადა მდინარაძემ
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ახალი სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ თავის პოზიციას სამშაბათს, 13 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე გაასაჯაროებს, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. საქართველოს პარლამენტში ამჟამად აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საქართველოს ახალ სახალხო დამცველთან დაკავშირებით.
„ხვალ გვექნება შეხვედრა, ჩვენ მათ (ოპოზიციას - რედ.) უმრავლესობის პოზიციას გავაცნობთ. ამის შემდეგ უკვე გავახმოვანებთ იმ პოზიციას, რომელიც დღეს იქნა უმრავლესობის სხდომაზე შეჯერებული, რათა ვერსიის სახით მიეწოდოს ჩვენს ოპონენტებს, რომ რამენაირად შევძლოთ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმება“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხს სხვა თემებთან შედარებით ყველაზე მეტი დრო დაეთმო. პოლიტიკოსმა არ გაახმოვანა უმრავლესობის პოზიცია მანამ, სანამ მას ოპოზიციის წარმომადგენლებს არ გააცნობენ.
„არ გვინდა, ჩვენმა კოლეგებმა, რომლებთანაც საუბარი გვაქვს ხოლმე ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიის საშუალებით გაიგონ“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს დამატებით სტიმულს მისცემს ოპოზიციას, რომ გარკვეულ კონსენსუსთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება შედგეს და, შესაძლოა, კომპრომისის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს.
„სახალხო დამცველის გარდა ყველაფერი": ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიას საქმიანობა შეაფასა >>
ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტი 2017 წლის 30 ნოემბერს დაიკავა. მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2022 წლის 8 დეკემბერს ამოიწურა. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან საქართველოს ხელისუფლებისთვის საკმაოდ კრიტიკული ოთხი ანგარიში წარმოადგინა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ის არაერთხელ გამხდარა მმართველი პარტიის კრიტიკის ობიექტი.
ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამჟღავნების გამო ხელისუფლების გაკრიტიკების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ლომჯარია დაადანაშაულა იმაში, რომ ის წარმოადგენს ერთი ოპოზიციური პარტიის, „ერთი ნაციონალური მოძრაობის“, და არა მთელი საზოგადოების ინტერესებს.
ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს >>
ბოლო მონაცემებით, განსახილველი კანდიდატების სია მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ 19-დან 5-9 ადამიანამდე შეამცირეს. როდის გაიმართება კენჭისყრა, ჯერჯერობით უცნობია.
პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის, მაგრამ სახალხო დამცველი გახდება ის, რომელიც კონკურენტებზე მეტ ხმას, მაგრამ სულ ცოტა 90 ხმას მიიღებს. ამჟამად პარლამენტში არცერთ პარტიას არა აქვს ხმების ისეთი რაოდენობა, რომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0