ლომჯარია: სააკაშვილის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს

© courtesy of Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გეგმავს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართოს.
მსჯავრდებული სააკაშვილის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამის ალტერნატივად ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის მოხდის გადავადებაც შესთავაზეს. აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს სხდომა 9 დეკემბერს ჩაინიშნა. ლომჯარიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გადავადებას აკმაყოფილებს და მისი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლომ გაითვალისწინოს ეს გარემოება, საკითხი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება სსკ-ის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც ასეთ სიტუაციაში, სულ მცირე, ითვალისწინებს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან გადავადებას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, იგი სასამართლოსთვის მიმართვას 8 დეკემბრამდე, ანუ აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე გეგმავს.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
გუშინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებს>>>
ექსპერტების აზრით, საქართველოში პაციენტმა გაიარა ყველა ხელმისაწვდომი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამდენიმე მრავალფუნქციურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა უარესდება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0