ივანე ჩხაიძე: საქართველოში ერთდროულად სამი ინფექცია ცირკულირებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
ჩხაიძის თქმით, გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კორონავირუსი.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მედიცინაში გაჩნდა ახალი ტერმინი ტრიპლდემია, რომელიც ერთდროულად სამი ინფექციის ცირკულირებას ნიშნავს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
სპეციალისტის თქმით, ეს სამი ინფექციაა გრიპი, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. ტრიპლდემია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა. სამივე ვირუსს ახასიათებს ცხელება, ხველა, თავის, ყელის ტკივილი და სისუსტე.
თუმცა არსებობს განსხვავებაც, კერძოდ, „ომიკრონის“ ქვეტიპისთვის, რომელიც ქვეყანაში ამ ეტაპზეა გავრცელებული, არ არის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურა, იგი 37,5-დან 38 გრადუსამდე მერყეობს. გრიპის შემთხვევაში ტემპერატურა 38 გრადუსს აჭარბებს, ფიქსირდება თავის ტკივილი და ხველა. ჩხაიძის თქმით, გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კორონავირუსი.
სეზონურ გრიპზე უფასოდ აცრის ვადა გახანგრძლივდა>>>
განსაკუთრებით აღსანიშნავია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები, რომლებიც ძირითადად ქვედა სასუნთქ გზებს აზიანებენ და ამ დროს ვითარდება ბრონქიოლიტი, ანუ წვრილი ბრონქების ანთება.
ბრონქიოლიტი ხასიათდება სუნთქვის გახშირებით, გაძნელებით, ცხვირიდან ჭარბი გამონადენით, მადის დაქვეითებით. ამ ვირუსის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს 1 წლამდე ბავშვი, ზოგ შემთხვევაში საჭიროა კლინიკაში მკურნალობა.
ინფექციის სამივე შემთხვევაში გართულებად მიიჩნევა ფილტვების ანთება. ბრონქიოლიტი ძირითადად 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება. გართულებებს შორისაა ოტიტი და სინუსიტი, რაც, პნევმონიისგან განსხვავებით, სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
რესპირატორული ინფექციების გავრცელების პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.

„ის, რა სურათიც დეკემბრის დასაწყისში მივიღეთ, დამახასიათებელია სეზონური ვირუსებისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების სეზონურ მატებაზე, სწორედ ეს პერიოდი გვაქვს მხედველობაში“, – განაცხადა ჩხაიძემ მედია-ცენტრ „მთავარში“.

მისი თქმით, ინფექციური დაავადებების გავრცელების პიკი შეიძლება დაფიქსირდეს მარტშიც.
სეზონური ვირუსების გამო კლინიკები გადატვირთულია. დაავადების პრევენციისთვის მედიკოსები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებენ რეკომენდაციებს. ისინი მათ მოუწოდებენ, სიმპტომების დროს ატარონ პირბადე, მაქსიმალურად ეცადონ არ გავიდნენ ქუჩაში, რათა ინფექცია არ გავრცელდეს.
რომელი ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში?>>>
ამავე დროს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მობილიზაციის შესახებ გამოაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სექტორმა უკვე მიიღო შესაბამისი მითითება – უმკურნალონ პაციენტებს სახლში, რადგან კლინიკებში თავისუფალი ადგილები პრაქტიკულად არ არის. რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს ინტენსიურად აკითხავენ.
მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით მან კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნეს ექსპერტებმა.
კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0