რომელი ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში?

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2022
გამოწერა
ექიმები დაავადების პიკს დეკემბრის ბოლოს ელოდებიან. ექსპერტების პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მეტი იქნება.
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ქართველი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ დღეისათვის საქართველოში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსები და რესპირატორული ვირუსები, ადენოვირუსი კი შედარებით ნაკლებად გვხვდება, აცნობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია არ განსხვავდება წინა წლებისგან. გაბუნიამ ასევე კომენტარი გააკეთა ე.წ. ჰონკონგის ვირუსის თითქოსდა ფართომასშტაბიანი გავრცელების თაობაზე.

„რაც შეეხება ჰონკონგის ვირუსის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია. ჰონკონგის ვირუსის დასახელება ისტორიულია. ვირუსის ეპიდემია 1968 წელს იყო და მას შემდეგ მისი მასობრივი გავრცელება მსოფლიოში არსად ყოფილა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ჰონკონგის ვირუსის მართვა შესაძლებელია სახლის პირობებში ოჯახის ექიმთან კონსულტაციის დახმარებით. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ქრონიკული და თანდაყოლილი დაავადებების მქონე პირებში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი უცვლელია – სოციალური დისტანცია, ხელების ჰიგიენა. გაბუნია მშობლებს მოუწოდებს, არ გაუშვან სკოლაში ბავშვები, რომელთაც ვირუსი აქვთ.
„განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ჯანდაცვის სექტორი მობილიზებული და მომზადებულია იმისთვის, რომ შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა და მართოს იგი ბინაზე. თუ ბავშვს არ აქვს რაიმე თანმხლები მძიმე დაავადება, ჰოსპიტალში მისი გადაყვანა ზედმეტი სტრესია. ამიტომაც უკეთესი იქნება, თუ ოჯახის ექიმი პაციენტს სახლის პირობებში მართავს“, – განაცხადა გაბუნიამ.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება>>>
ექიმები დაავადების პიკს დეკემბრის ბოლოს ელოდებიან. ექსპერტების პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მეტი იქნება. ექიმები ამის მიზეზად გრიპის ვირუსის რამდენიმე ტალღას ასახელებენ, რომელიც წელს დაფიქსირდა.
ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი, თავისი თვისებებიდან გამომდინარე, სხვა რესპირატორულ ინფექციებს შორის ყველაზე საშიშია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. იგი გრძელდება 3-5 დღე და ახასიათებს გართულებები. ექიმები ვირუსისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებად ვაქცინაციას ასახელებენ.
მიმდინარე წლის მაისში ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ საქართველოში გრიპის ვირუსის სეზონი გაიწელა და რაოდენობით კორონავირუსით ინფიცირებულებს გაუსწრო. გრიპის მსგავსი გავრცელება საქართველოში 2008-2009 წლების შემდეგ არ ყოფილა, აღნიშნეს ექსპერტებმა.
კორონავირუსის პანდემიის დროს რესპირატორული ვირუსების გავრცელების დინამიკა შეიცვალა. 2020 წელს გრიპი პრაქტიკულად არ ყოფილა, ვინაიდან კორონავირუსმა ის გადაფარა, შესაბამისად, მოსახლეობას ის ნაკლებად აწუხებდა. ეს დინამიკა 2021 წელსაც გაგრძელდა, წელს კი სიტუაცია შეიცვალა.
ყველა ახალი ამბავი
0