განათლების მინისტრმა მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებში სიახლეებზე ისაუბრა

© Ministry of Education and Science of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა იმ ახალ ინიციატივებზე, რომლებიც სკოლებში განხორციელდა.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს 2022-2023 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ჩხენკელის თქმით, მიმდინარე სასწავლო წელი მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო: პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდათ. მანამდე პირველ კლასში რეგისტრირდებოდნენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრამდე, ანუ სასწავლო წლის დაწყებამდე უსრულდებოდათ.

მინისტრის განმარტებით, პირველკლასელთა რიცხოვნობის გაზრდის გათვალისწინებით, განათლების სამინისტრომ სკოლები დამატებით უზრუნველყო შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებითა და ინვენტარით.
გარდა ამისა, 2022 წლიდან პირველკლასელებმა ჭადრაკის სწავლა დაიწყეს. აღნიშნული სიახლის დანერგვა ჭადრაკის ფედერაციის დახმარებით გახდა შესაძლებელი. პროექტში ჩართულია 400-ზე მეტი პედაგოგი, რომელთაც შესაბამისი გადამზადება გაიარეს.
ასევე ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის განახლებული საგნის სწავლა დაიწყეს. ისტორიკოსებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა გადაამუშავა საქართველოს ისტორიის სწავლების სტანდარტი და განახორციელა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება.
საქართველოს სკოლებში სამხედრო საქმეს შეასწავლიან>>>

ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტი „სამხედრო საქმე“ დაიწყო. ესაა საპილოტო პროექტი, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. მოსწავლეებს გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული სხვადასხვა წოდების მქონე მოქმედი სამხედრო ოფიცრები უტარებენ.

ჩხენკელის თქმით, წელს გაფართოვდა საგანმანათლებლო პროექტ „თავდაცვა და უსაფრთხოების“ მასშტაბები. ამ ეტაპზე პროექტში 40 სკოლაა ჩართული. კურსის ფარგლებში მოსწავლეები აიმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის მიმართულებებს ე.წ. „თეგ რაგბი“, ანუ უკონტაქტო რაგბი დაემატა. 4 ათასი გადამზადებული სპორტის მასწავლებელი რაგბის ელემენტების გამოყენებით სპეციალური ვარჯიშებით უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის სწორ ფიზიკურ განვითარებას.

როგორც მინისტრმა განაცხადა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო გახდა და სკოლებში დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნების განვითარებასა და გაძლიერებას.

მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკაში გამოყენების ხელშესაწყობად 2022-2023 სასწავლო წლიდან საპილოტო 50 სკოლის V-VI კლასის მოსწავლეები, გრიფირებულ სახელმძღვანელოსთან ერთად, დამატებით მაკმილანის გამომცემლობის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით სარგებლობენ. საპილოტო პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 60-ზე მეტი ინგლისური ენის მცოდნე მათემატიკის მასწავლებელი.
ახალი პროექტები ხორციელდება არაფორმალური განათლების მხარდაჭერის მიმართულებითაც. კერძოდ, ჩხენკელის თქმით, განახლდა მოსწავლეთა ახალგაზრდული ბანაკები და 2023 წლისთვის აღნიშნული ინიციატივის მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მოსწავლეების ფსიქო-სოციალური და ემოციური მხარდაჭერის მიზნით სკოლებში ძლიერდება სოციალური კომპონენტი. განათლების სისტემაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესებში მოსწავლეების ჩართულობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას. სისტემაში სოციალური მუშაკებისა და მანდატურების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება.
განათლების მინისტრმა „ათასწლეულის ინოვაციის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა>>>
ჩხენკელი ასევე შეეხო სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს. ითქვა, რომ ქვეყანაში 1 მლრდ ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს 80 სკოლის მშენებლობას და 320 სკოლის სარემონტო სამუშაოებს.
კიდევ დარჩენილი 40 სკოლის სარემონტო სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერი 2024 წელს გამოცხადდება, ქვეყნის 800 სკოლის განახლებისა და მშენებლობის პროცესი კი 2026 წლის ბოლოსთვის დასრულდება. შესაბამისად, 239 ათასზე მეტი მოსწავლე განახლებულ საგანმანათლებლო სივრცეში ისწავლის.
რაც შეეხება უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მინისტრის თქმით, 2021-2022 წლებში აშენდა სამი ახალი სკოლა, 237 კი სრულად ან ნაწილობრივ გარემონტდა. დაახლოებით 200-მა სკოლამ მიიღო დაფინანსება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ან მატერიალური პროექტების განსახორციელებლად.
2019 წლიდან დღემდე რეგიონებში აშენდა და განახლდა 121 სკოლა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 სკოლის მშენებლობა და რემონტი.
ყველა ახალი ამბავი
0