ინვესტორებს გაჩერებული ენერგოპროექტების განახლებისთვის ოთხთვიანი ვადა მისცეს

© photo: Sputnik / Stringerნამახვანჰესის მშენებლობა
ნამახვანჰესის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით არსებითი პროგრესის არარსებობის შემთხვევაში სახელმწიფო ამ პროექტებისთვის ახალი ინვესტორების შერჩევას დაიწყებს.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. სახელმწიფო გაჩერებული ენერგოპროექტების განახლებისთვის ინვესტორებს ოთხთვიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტორები ამ პროექტებს დაკარგავენ.
ამის შესახებ დღეს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც ენერგეტიკის დარგის ბიზნესმენებს სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა გააცნეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული მსხვილი ენერგოპროექტების სამუშაოები ოთხ თვეში განახლდება, შესრულების ვადები დაკორექტირდება, ხოლო სატარიფო და სხვა ძირითადი პირობები უცვლელად დარჩება. იმ შემთხვევაში კი, თუ ოთხთვიან პერიოდში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით მატერიალურ პროგრესს ვერ დაინახავს, სახელმწიფო ამ პროექტებს დაიბრუნებს და მათ შესასრულებლად ინვესტორთა შერჩევას ახალი სქემით განახორციელებს.

„ვფიქრობ, რომ ეს ოთხთვიანი პერიოდი ძალიან სამართლიანია, და თუ დეველოპერმა არაფერი გააკეთა, სახელმწიფოს პროექტის წამოღება მოუწევს“, – განაცხადა შეხვედრაზე დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მირცხულავამ.

იგი მიესალმება გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანია გაჩერებული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისთვის. მისი თქმით, ბევრი პროექტია გაცემული, სადაც ფაქტობრივად არაფერი გაკეთებულა. კერძოდ, ზოგიერთ პროექტზე კვლევებიც კი არ ჩატარებულა და არც ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება გაკეთდა.
მირცხულავამ ასევე ისაუბრა მსხვილი ჰესების მშენებლობის პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე. მან შეახსენა შეხვედრის მონაწილეებს, რომ ხუდონჰესის, ნამახვანჰესის, ნენსკრაჰესის პროექტების ინვესტორებს უამრავი პრობლემის გამო პროექტების დატოვება მოუწიათ.
„ამიტომ სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითონ მოაგვაროს საკითხები, ხოლო მშენებლობის დაწყების მზადყოფნის პერიოდში შემოიყვანოს ინვესტორი“, – განაცხადა მან.
საქართველოს მთავრობა ჰესების მშენებლობისას ინვესტიციების ხელშეწყობის სქემას ცვლის >>
მთავრობის მიერ შემუშავებული მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით.
Cfd არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
პრემიერი: „ნენსკრაჰესი“ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური პროგრესისთვის >>
ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე. როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის ორნიშნა ზრდით საქართველოში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც, რომელსაც ადგილობრივი გენერაცია არ ჰყოფნის. თუ ქვეყანაში არ დაიწყება ჰესების მშენებლობა, უახლოეს წლებში საქართველო ელექტროენერგიის დეფიციტს შეიძლება შეეჯახოს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
სამცხე-ჯავახეთში „ახალქალაქის ჰესების კასკადი“ ამოქმედდა >>
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოში გამომუშავდა 9,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 22,6%-ით მეტია; ხოლო ამავე პერიოდში გამოყენებული იყო 10 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0