ტრანსნაციონალური დანაშაული: საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
გამოწერა
საქმე ეხება ე.წ. ქოლ-ცენტრებს, რომელთა მეშვეობით ბოროტმოქმედებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მილიონობით ევრო მიითვისეს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ფართომასშტაბიანი ოპერაცია საქართველოს პროკურატურისა და შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოში, ერთდროულად ჩატარდა, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გამოძიების მონაცემებით, ტრანსნაციონალურმა ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში კომპანიები დააფუძნა და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლ-ცენტრები მოაწყო. ამ „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ბოროტმოქმედებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის მოქალაქეების მილიონობით ევრო მიითვისეს.
ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეებმა შექმნეს ასობით სავაჭრო მარკის სახელით სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მომხმარებლებისგან მოტყუებით მიღებული სახსრების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე.
საგამოძიებო ღონისძიებები საქართველოში ათობით ლოკაციაზე ჩატარდა. ფართომასშტაბიან ოპერაციაში მონაწილეობდნენ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები გერმანიიდან (60) და საქართველოდან (250-მდე).
ჩხრეკა ჩატარდა ხუთ ე.წ. ქოლ-ცენტრში, ათობით ფიზიკური პირის ავტომობილებსა და სამუშაო ადგილებზე. ამოღებულია ასობით ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით თანხა.
ქოლ-ცენტრების საქმე: ამჯერად ბრალი უცხოელებს წარედგინა>>
გარდა ამისა, დალუქულია ქონება და თანხები საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით იქნა მოპოვებული.
სისხლისსამართლებრივი დევნა პირველ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულების ორგანიზატორების გარკვეული ნაწილის მიმართ დაიწყო. საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი – მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.
ქოლ-ცენტრების საქმე: ბრალდებულთა წრე გაფართოვდა>>
უწყებაში აღნიშნეს, რომ გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად საქართველოს პროკურატურამ ანალოგიურ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ათობით ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ, რომლებიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში მონაწილეობდნენ.
გამოძიება ამ შემთხვევაშიც გაგრძელდება გერმანულ მხარესთან, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში მონაწილე ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობით, რათა მხილებულ იქნენ სხვა პირებიც, რომლებიც მონაწილეობენ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობაში, აღნიშნეს პროკურატურაში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0