სიგნალი პოლიტიკოსებისთვის თუ გაყალბება? საქართველოში ახალი გამოკითხვა შეაფასეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები ქუჩაში
ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
რეიტინგში პირველი ადგილები, ტრადიციულად, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას ეჭვი ეპარება ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის ობიექტურობაში, ხოლო ოპოზიციამ მასში გამოწვევა და მოქმედებისკენ სიგნალი დაინახა.
ერთ-ერთი ავტორიტეტული უცხოური ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ამ კვირაში რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, საქართველოში გამოკითხულთა 25% მზადაა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რესპონდენტების 12%-მა დაუჭირა მხარი.

„ოპოზიცია, უმრავლესობა, ქართული საზოგადოება, ყველა ამ კვლევას უნდობლობას უცხადებს და ჯიუტად ხდება ამ რიცხვების გამოქვეყნება, რომლის შედეგიც საბოლო ჯამში არის არეულობისა და დესტრუქციის წახალისება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კვლევის ავტორებმა უნდა გაიგონ, რომ მათ არ გამოსდით მსგავსი კვლევების ჩატარება და ამაზე უარი უნდა თქვან.
„ზოგადად, გამოქვეყნებულ რიცხვებს არანაირ დატვირთვას არ ვაძლევ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მიუხედავად ორგანიზაციის მიკერძოებულობისა, მმართველი პარტიის რეიტინგი იმდენად მაღალია ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, რომ ამის დამალვა ვერ მოახერხეს, განაცხადა, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„უხეშად არის გაყალბებული საპატრიარქოს რეიტინგები, პერსონალური რეიტინგები. ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად სარწმუნო და რეალურია ეს ყველაფერი. ამის მიუხედავადაც კი, იმდენად მაღალია „ქართული ოცნების“, პარტიის ლიდერებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელის მხარდაჭერა, რომ ამ ყველაფერს ვერ მალავენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატი ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს>>
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა კვლევის შედეგებში ოპოზიციისთვის ახალი გამოწვევა დაინახა. კერძოდ, პოლიტიკოსმა კომენტარი გააკეთა კვლევის იმ ნაწილზე, სადაც გამოკითხულთა 72%-ს საპარლამენტო არჩევნებზე ახალი პარტიების ნახვა სურს.

„მოსახლეობას აქვს მთავარი მოთხოვნა – შეიცვალოს პოლიტიკური ვითარება. 72% უარყოფითად აფასებს ქვეყნის განვითარების დღევანდელ მდგომარეობას. შესაბამისად, ეს არის ახალი გამოწვევა ოპოზიციური პარტიებისათვის, იმისათვის, რომ მოხდეს ახალი პარტიების შექმნა, ახალი პოლიტიკური პოლუსების შექმნა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური პოლუსების შექმნა „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ ბრძოლას შეუწყობს ხელს.
ძირითადი ოპონენტების – „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის შემცირებაზე გაამახვილა ყურადღება დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ ბექა ლილუაშვილმა. მისი თქმით, ეს პარტიები მუდმივად ეხმარებიან და კვებავენ ერთმანეთს.
თავად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას, გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 3% უჭერს მხარს.
„ხალხის ძალა“: რადიკალიზმს საქართველოში აშშ-ის საელჩო ასაზრდოებს>>
„ფაქტია, რომ მიუხედავად ამ რესურსებისა, ვერც ერთი და ვერც მეორე პარტია ვეღარ ახერხებენ მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი შექმნას. დღითი დღე ცხადი ხდება, მათ შორის ამ კვლევის შედეგებით, რომ ისინი კარგავენ უნარს, საზოგადოებას თავზე მოახვიონ თავიანთი ლეგენდები და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა იკლებს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყანაში დეპრესიული განწყობაა და, სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური სპექტრი ჯერჯერობით ვერ ასახავს საზოგადოებაში არსებულ განწყობას, აღნიშნა, თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, რათა ბრაზი და ცვლილებების სურვილი, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, შემდეგ პოლიტიკურ ქმედებაში ითარგმნოს. ეს არის მისაღწევი და ამის გაკეთებას ვცდილობთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

რეიტინგები აჩვენებს ტენდენციებს და თვითკმაყოფილების საფუძველი არ არის, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პაატა მანჯგალაძემ.
„სწორია, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი უარყოფითად აფასებს მთავრობის კურსს. შემცირებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი და კარგია, რომ ჯამში ოპოზიცია უგებს „ქართულ ოცნებას“ და მის სატელიტებს. გამოსავალი არის – შეიქმნას ახალი ეროვნული და ევროპული ფრონტი, რომელიც პასუხს მოსთხოვს „ქართულ ოცნებას“ იმ დანაშაულების გამო, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად სჩადიან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება>>
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“, ელენე ხოშტარიას „დროასთან“ ერთად, გამოკითხვის შედეგებით, თითოეულმა 2% მიიღო. უფრო ადრე ეს ორი პარტია და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ოპოზიციური ერთიანობის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0