ტრაგედია ვაკის პარკში - დააკავეს ცხრა პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
პოლიციამ ცხრავე პირი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ცხრა პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.
შსს-ს ცნობით, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
ასევე სამსახურებრივი გულგრილობის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.
სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია აღნიშნული კომპანიის საქმისმწარმოებელი, ასევე კომპანია „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი.
პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა - მდინარაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე>>>
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ბრალდებით დაკავებულია „გრინსერვის +“-ის თანამშრომელი. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი და ამავე კომპანიის ინსპექტორი.
გარდა ამისა, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულია ორი კერძო ელექტროშემდუღებელი.
საქმის დეტალები
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვაკის პარკის ტერიტორიაზე მდებარე შადრევნისა და შადრევნის კასკადის სამუშაოების წარმოების შესახებ. თითქმის ერთი წლის შემდეგ, 26 აგვისტოს მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაიბარა შადრევნებზე შესრულებული სამუშაოების ნაწილი.
ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული სამუშაოების მიუხედავად, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ „გრინსერვის+“-ის მენეჯერს სთხოვა, რომ შადრევანში მდებარე ელექტროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები შეეფუთათ უჟანგავი, თეთრი ფერის კონსტრუქციით.
მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ აცნობა კომპანიის დირექტორს, რომელმაც, თავის მხრივ, მას დაავალა აღნიშნული სამუშაოს შესრულება შეეკვეთათ მათივე ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლისთვის.
„ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელმა ორი კერძო ელექტროშემდუღებელი დაიქირავა, ხოლო მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველობა და კონტროლი დაევალა კომპანია „გრინსერვის+“-ის საქმისმწარმოებელს.
თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკის კასკადზე: დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო>>>
გამოძიება ამბობს, რომ ელექტროშემდუღებლებმა სამუშაოს წარმოების დროს დაარღვიეს უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს მათ წყლის მილებზე უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
„გრინსერვის+“-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე", – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელმა არ შეამოწმა მის მიერ დაქირავებული მუშების მიერ შესრულებული სამუშაო, ხოლო „გრინსერვის+“-ის საქმეთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.
„ხსენებულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გამოვლენილი იქნებოდა ელექტროსადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი", – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კომპანია „გრინსერვის+“-მა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის სავალდებულო შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა კომპანია ,,მშენექსპერტთან“.
კომპანიის დირექტორმა და ინსპექტორმა მოახდინეს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულების ინსპექტირება, რომლის პროექტი მიაწოდეს ,,გრინსერვის+“-ის თანამშრომელს.
გამოძიების ვერსიით, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის შინაარსი არ აკმაყოფილებდა თბილისის მერიასა და „გრინსერვის+“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ სავალდებულო მოთხოვნებს და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური არ ჩაიბარებდა ამ სახით შესრულებულ სამუშაოებს, კომპანიის თანამშრომელმა, მათ ფირმასთან სამომავლო საქმიანი ურთიერთობის გაგრძელების სანაცვლოდ, დაიყოლია „მშენექსპერტის“ დირექტორი და ინსპექტორი, რომ დასკვნაში ჩაეწერათ, თითქოს შეისწავლეს ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან.
2022 წლის 25 აგვისტოს „მშენექსპერტის“ დირექტორმა და ინსპექტორმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი – ინსპექტირების ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს.
აღნიშნული ყალბი დასკვნა „გრინსერვის +“-ის დირექტორმა წარადგინა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, რაც გახდა მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი.
ყველა ახალი ამბავი
0