რომელ ქვეყნებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება ინდოეთთან, ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო წარმატებით შეუთანხმდა ვაჭრობის არეალის გაფართოებაზე ევროკავშირს, ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და აშშ-თან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველო და თურქეთი სექტემბერში შეთანხმდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების ლიბერალიზაციასა და მომსახურებით ვაჭრობაზე. შესწორებების თანახმად, საქართველოდან თურქეთში ექსპორტის დროს ნულოვანი ტარიფის კვოტის საზღვრებში ნებადართულია ისეთი საქონლის გატანა, როგორიცაა ცოცხალი პირუტყვი, საქონლის ხორცი, მწვანე ჩაი, ჩირი, კივი, ლიმონი, დაკონსერვებული პომიდორი და საკვები ინგრედიენტები.

„უკვე გაიმართა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც დადებითად დასრულდა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, სამ რაუნდში დაასრულონ მოლაპარაკებები და 2023 წლის გაზაფხულზე შეთანხმება მზად იყოს ხელმოსაწერად. აღნიშნულის შედეგად საქართველოსთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ბაზარი", – განაცხადა მინისტრმა.

გარდა ამისა, გაგრძელდება მუშაობა სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიმართულებით ინდოეთთან, ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან, განაცხადა დავითაშვილმა.
ასევე პოლიტიკურ და საექსპერტო დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე აშშ-თან.
შეღავათები ექსპორტზე: საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა>>
დავითაშვილის თქმით, ბოლო წლებში ქვეყანამ მნიშვნელოვან, საგრძნობ დადებით შედეგებს მიაღწია საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის სფეროს გაფართოების მხრივ.
„ევროკავშირში ექსპორტის ზრდის პარალელურად დაიწყო სრულიად ახალი პროდუქციის წარმოება, მათ შორის, ცხოველების ავეჯისა და საკვების. ასევე შეიქმნა სათამაშოების წარმოების სექტორი და, გარდა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისა, ხდება სათამაშოების ექსპორტი ევროკავშირში; ქართული ტანსაცმლის მწარმოებელი 30-ზე მეტი კომპანია ახორციელებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ექსპორტს ევროკავშირში", – განაცხადა დავითაშვილმა.
მან განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საკანონმდებლო დაახლოების კუთხით.
თავისუფალი ვაჭრობა: საქართველომ და გაერთიანებულმა საამიროებმა მოლაპარაკებები დაიწყეს>>
მისი თქმით, პოლიტიკის ჰარმონიზაცია წინასწარი პირობაა, რომელიც საშუალებას იძლევა, სრული მასშტაბით იყოს გამოყენებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სულ 2027 წლისთვის განხილული იქნება 309 აქტთან დაახლოება სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საჯარო შესყიდვების, საბაჟო და მომსახურების სფეროებში.
საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–აგვისტოში 36,6%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 11,9 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედიან აგრეთვე რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი, გერმანია, უკრაინა და რუმინეთი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0