დეოლიგარქიზაცია ქართულად - ვინ შეიძლება მოხვდეს ოლიგარქების სიაში?

© photo: Sputnik / Stringerანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2022
გამოწერა
ოპოზიციაში შიშობენ, რომ ხელისუფლება შეეცდება ახალი კანონი ოპონენტებთან ბრძოლისთვის გამოიყენოს.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ევროპულ სტრუქტურებს ოლიგარქების წინააღმდეგ უკრაინული კანონი მოეწონათ, ამიტომ საქართველო ანალოგიურ დოკუმენტს მიიღებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტში ორშაბათს დეოლიგარქიზაციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დეპუტატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან", ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა.

„ეს არის ჩვენთვის ობიექტური საზომი, რომ თუ ევროპული სტრუქტურების მხრიდან აღნიშნული კანონი მოწონებულია, ლოგიკურია, რომ ეს პუნქტი ჩვენთან მიმართებაშიც შესრულებადია ამ კანონის მიღებით", – განაცხადა ოხანაშვილმა.

უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: აქვს განსაზღვრული რაოდენობის ფული, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მონოპოლისტი კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში.
ევროკავშირის საბჭომ მოუწოდა უკრაინას, რომელსაც, საქართველოსგან განსხვავებით, უკვე მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, შეუდგეს ამ კანონის შესრულებას.
ანალოგიური კანონის საქართველოში მიღების შემთხვევაში მისი მოქმედება არ გავრცელდება „ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, ქვეყნის ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე, მიიჩნევენ „ქართულ ოცნებაში".
რატომ თქვა უარი ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე>>
„ბიძინა ივანიშვილზე ეს კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის სამი კრიტერიუმი, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერაფრით ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს ოლიგარქთა სიაში", – განაცხადა ოხანაშვილმა.
საპირისპიროს აცხადებენ ოპოზიციონერები, რომლებსაც „ოცნების" წარმომადგენლები „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებენ.
უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კანონის მიღების შემდეგ მისი მოქმედების ქვეშ აღმოჩნდებიან თვითონ ოპოზიციონერები, მათ შორის არიან პარტია „ლელოს" ლიდერები, ყოფილი ბანკირები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელი დავით კეზერაშვილი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
უკრაინული კანონის თითქმის უცვლელად გადმოტანის წინააღმდეგი არიან ის ოპოზიციონერებიც, რომლებმაც უარი არ თქვეს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მუშაობაზე „ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული ფორმატით.
რა შემთხვევაში მიიღებენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს? - პაპუაშვილის განმარტება>>
„არცერთ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია და უკრაინის შემთხვევა არის პირველი პრეცედენტი, რომელიც ისედაც არაორდინარული იყო", – განაცხადა პარტია „გირჩის" წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მისი თქმით, უკრაინაში 2021 წლის გაზაფხულზე მიღებულ კანონს შედეგები ჯერ არ მოუტანია.
„წარმოუდგენელია ეს იყოს ევროპული რეკომენდაცია, რომელიც, რაღაც თვალსაზრისით, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ", – აღნიშნა მეგრელიშვილმა.
ახალი კანონი არ უნდა იყოს ოპოზიციასთან ბრძოლის ინსტრუმენტი, მიიჩნევს დეპუტატი პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან" პაატა მანჯგალაძე.
„მინდა საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით გავაკეთოთ კანონი და ის არ შეიცავდეს ისეთ ხარვეზებს, რომელიც ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, კანონი გამოიყენოს ოპოზიციონერი ლიდერების რეპრესიისთვის", – განაცხადა მანჯგალაძემ.
უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა, მიიჩნევს პარტია „მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.
„მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება, პირველ რიგში მათი, ვინც ოპოზიციას აფინანსებს და იმ მდიდრების, ოპოზიციაში რომ არიან", – განაცხადა ელისაშვილმა.
ყველაფერი იმით დამთავრდება, რომ კეზერაშვილს და კიდევ რამდენიმე მდიდარ ადამიანს პარტიებისა და მასმედიის დაფინანსებას აუკრძალავენ, აღნიშნა დეპუტატმა.
ოხანაშვილი: კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ ოლიგარქია>>
მისი თქმით, თუ საქართველოში ნორმალური მართლმსაჯულების სისტემა იქნება, არ იქნება საჭირო სპეციალური კანონების მიღება და ქვეყნის ჩრდილიდან მართვა თავისთავად შეუძლებელი გახდება.
„ბოლო პერიოდში უფრო მეტად გამოიკვეთა, რომ რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს ომი ოლიგარქების სუბიექტური ინტერესებისთვის", – განაცხადა, თავის მხრივ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან რატი იონათამიშვილმა.
იმის თაობაზე, თუ ვინ მოხვდება ოლიგარქების ჩამონათვალში, ცნობილი მაშინ გახდება, როდესაც კანონპროექტი ინიცირებული იქნება და პარლამენტი მას სამი მოსმენით მიიღებს.
ევროპარლამენტის 9 ივნისის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ, სხვა საკითხებთან ერთად, ივანიშვილის დესტრუქციულ როლზეც არის საუბარი: „ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს". ევროკავშირის საბჭოსადმი ევროპარლამენტიდან ერთ-ერთი რეკომენდაცია ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესება იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0