რა შემთხვევაში მიიღებენ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს? - პაპუაშვილის განმარტება

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2022
გამოწერა
დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის მიიღოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, თუ ოპოზიციასთან კონსენსუსი იქნება მიღწეული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ექს-მინისტრმა, ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მელიამ დასძინა, რომ დღეს ხელისუფლების ოპონენტებს შორის არიან არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ „ოლიგარქის მსგავსი პერსონაჟებიც“.

„თუ იქნება კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონი აუცილებელია, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ იგი. თუ არა, მაშინ ოპოზიციამ თქვას, რომ კანონი არ არის საჭირო... ჩვენთვის საკმარისი იქნება ის აღიარებაც, რომელსაც ახლა ვისმენთ, რომ მათ (ოპოზიციის) რიგებში არიან ოლიგარქები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დეოლიგარქიზაცია არის ევროკავშირის ერთ-ერთი პირობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. მმართველმა პარტიამ უკვე განაცხადა, რომ აპირებს დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონის დანერგვას მცირედი შესწორებებით.
„ჩვენ ავიღეთ ეს უკრაინული მოდელი, ვთარგმნეთ, გავეცანით ამ მოდელს და ვთავაზობთ ამ კანონის მიღებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კეზერაშვილი ქართულ ოპოზიციას მოპარული ფულით აკონტროლებს - დეპუტატი>>>
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული საკითხის მთელი ირონია იმაში მდგომარეობს, რომ ოპოზიციის ნაწილმაც განაცხადა, რომ ისინი კანონპროექტის შემუშავებას აპირებენ, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვეს ამაზე.
„რა ფორმა და შინაარსიც არ უნდა მისცენ ამ კანონს, ისინი ვერ აუვლიან გვერდს, რომ საბოლოო ჯამში ოლიგარქებს ნახავენ საკუთარ რიგებში და არა მმართველ გუნდში. მათ ეს ნამდვილად გააცნობიერეს და ამის მოწმე ვართ ყველა“, – განაცხადა მან.
პაპუაშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ორ პრობლემას ხედავს. პირველი, სპიკერის აზრით – ფარისევლობაა.
„ტერმინი „ოლიგარქია" ქართულ რეალობაში ჩვენმა ოპონენტებმა მოიგონეს და ფარისევლობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თავად გახდნენ საკუთარი ტერმინის მსხვერპლი. უნდა ვაღიაროთ, ეს ტერმინი შეესაბამება მათ საკუთარ ფინანსისტებს. სწორედ ეს არის ფარისევლობა და პრობლემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ აღიარებით ამბობენ – „ნაცმოძრაობაში“ ფინანსები კეზერაშვილის მხრიდან შედიოდა.
„მათ რომელ დეკლარაციაში ნახეთ კეზერაშვილი, როგორც დამფინანსებელი? ეს არის ჩვეულებრივი არადეკლარირებული თანხები, რომელიც „შავი ფულია". ეს, სულ მცირე, გადასახადების დამალვას ნიშნავს, რადგან არის არადეკლარირებული ფული, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ უცნობია თანხების წარმომავლობა“, – აღნიშნა მან.
დავით კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ექს-მინისტრმა საქართველო დატოვა. კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა, ცხოვრობს ლონდონში და ბიზნესით არის დაკავებული. მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. მმართველი პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ იგი თავის დროზე მოპარული ფულის ხარჯზე აფინანსებს ქართველ ოპოზიციონერებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0