ევროკავშირის 12 პირობა: ოპოზიცია საკუთარ კანონპროექტებს სექტემბერში წარმოადგენს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტიების ის ნაწილი, რომლებმაც უარი განაცხადეს ევროკავშირის 12 პირობის შესრულებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი გეგმით მუშაობაზე, სექტემბრის ბოლომდე პარლამენტში საკუთარი კანონპროექტების ინიცირებას გეგმავს, ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.
ოპოზიციონერები თითქმის მთელი ზაფხულის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ალტერნატიულ ფორმატში მუშაობდნენ. განცხადების ავტორების თქმით, ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება „საქართველოს ისტორიული შანსი და მთავარი ამოცანაა“.

„ჩვენ მიერ მომზადებული ინიციატივების დიდი ნაწილი თანხვედრაშია არასამთავრობო სექტორის ხედვებთან და შეესაბამება ევროკომისიის, ვენეციის კომისიის, „ეუთო/ოდირის“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და დასკვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ფორმატში მუშაობაზე უარი ოპოზიციონერებმა იმით ახსნეს, რომ ხელისუფლება რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას გარკვეული დათქმებით დათანხმდა. ოპოზიციის განმარტებით, ეს დათქმები „ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას“.
ოპოზიციონერების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ხელისუფლებამ, მართალია, თანხმობა განაცხადა დეოლიგარქიზაციის შესახებ პუნქტის შესრულებაზე, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ცვლილებები არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, სამაგიეროდ შეეხება ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და კრიტიკული მედიის დამფუძნებლებს.
კობახიძე: ევროკავშირის პირობების შესასრულებლად ქვეყანაში ერთი ხელისუფლება და ერთი ფორმატია>>>
კიდევ ერთ დათქმად ოპოზიციონერებმა დაასახელეს ის, რომ მმართველი პარტიის ლიდერები არ აღიარებენ ქვეყანაში პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და სასამართლო სისტემაში კლანების არსებობას. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტია სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებას „პროცედურული საკითხების ფორმალური გადაწყვეტით“ ცდილობს.
ოპოზიციის აზრით, მესამე დათქმა ეხება დეპოლარიზაციის შესახებ პუნქტს. ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროპული საბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის შუამავლობით შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესრულებაზე. 2021 წლის აპრილში მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებისთვის დეპოლარიზაცია არის ოპოზიციური სპექტრის და კრიტიკული მედიის გაჩუმება, მათ შორის, „ხელისუფლების ანტიდასავლურ გზავნილებთან“ დაკავშირებით.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის მოსახლეობისადმი ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი იყო ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დაკავშირებულია საქართველოს ომში ჩათრევასთან, მის ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გახსნასთან და არა ევროკომისიის რეკომენდაციების რეალური შესრულება.
„დღესაც არ არის გვიან“ - ISFED-ის წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღძრან>>>
ოპოზიციონერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისთვის“ (ISFED) პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ სამუშაო პროცესში ჩართვაზე უარის გამო.

„მიუხედავად „ქართული ოცნების“ პოზიციისა, რეკომენდაციების მიღებისთანავე ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევა, რათა ერთობლივად, მმართველი პარტიის მონაწილეობით შევთანხმებულიყავით საერთო სამოქმედო გეგმაზე და დაგვეწყო მუშაობა კონკრეტული მიმართულებებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და დემონსტრაციულად ჩაკეტა სასესიო დარბაზის კარი.
ოპოზიციონერების თქმით, სწორედ ამის გამო მათ დაიწყეს ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობის ალტერნატიული პროცესი.
„პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, არასამთავრობო სექტორის ფართო ჩართულობით, განსხვავებით ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფაქტობრივად ერთპარტიული, არაგამჭვირვალე და არაინკლუზიური პროცესისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „რესპუბლიკური პარტია“ და დამოუკიდებელი დეპუტატები - თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე და ნატო ჩხეიძე.
ქართულმა არასამთავრობოებმა ხელისუფლება სამოქალაქო სექტორზე შეტევაში დაადანაშაულეს>>>
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად საკუთარი სამოქმედო გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა, რომელსაც სამუშაო ჯგუფების ფორმატში მხარი დაუჭირა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ნაწილმა.
ამ ფორმატში მუშაობაზე უარი განაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელო საქართველოსთვის“, ასევე რიგმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც ევროკავშირის 12 პირობის შესრულებაზე მუშაობა „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად დაიწყეს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0