ბორჯომში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ტერიტორიული რეზერვის ასეული ჩაერთო

© Ministry of Internal Affairs of Georgia / courtesy of Giorgi Kvirikashviliსამხედროები ცეცხლის ქრობის პროცესში
სამხედროები ცეცხლის ქრობის პროცესში - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს>>
კერძოდ, რეზერვისტები სოფელ აწყურთან მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავებას, პერიმეტრზე მონიტორინგსა და პატრულირებას.
გუშინ ცეცხლის ახალი კერები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ახლოს გაჩნდა. ადგილზე სიტუაციას გაეცნო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

„ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია. საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილია. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები ქვედა მხარეს და საშიშროება, რომ ცეცხლი გადავა დასახლებულ პუნქტებზე, არ არსებობს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა“, – განაცხადა მინისტრმა.

გომელაურმა თურქულ მხარეს სახანძრო თვითმფრინავებით დახმარებისთვის, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს ტექნიკით დახმარების შეთავაზებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან>>
ხანძართან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს. ქარის გამო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის სახანძრო თვითმფრინავებმა მუშაობა სიბნელის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე შეაჩერეს. სამუშაოებში ჩართულია რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1.200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ძველ კერებთან მისასვლელი გზები გაყვანილია, მაგრამ ძლიერი ქარი, ცეცხლის კერებში მაღალი ტემპერატურა და რთული რელიეფი ძალიან ართულებს მეხანძრეების და სამხედროების მუშაობას.
ყველა ახალი ამბავი
0