საქართველოში სპორტული ავტომობილების ტექდათვალიერება სავალდებულო გახდება

© photo: Sputnikავტომობილები
ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
სპორტული დანიშნულების ავტომობილებით ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში გადაადგილება, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აიკრძალება.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. საქართველოში სპორტული დანიშნულების ავტომობილების ტექდათვალიერება 15 ნოემბრიდან სავალდებულო გახდება, ნათქვამია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებულ მთავრობის დადგენილებაში.
დადგენილებაში „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ნათქვამია, რომ სავალდებულო ტექდათვალიერება ვრცელდება სპორტული დანიშნულების მსუბუქ ავტომობილებზე.
რაც შეეხება ცნებას „სპორტული დანიშნულების ავტომობილი“, მთავრობამ ამ სტატუსის მისაღებად პროცედურები სხვა დადგენილებით უკვე განსაზღვრა. ამ სტატუსს გასცემს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია.
წელიწადში შესაძლებელია სულ 150 სპორტული ავტომობილის რეგისტრაცია. ისინი უნდა შეესაბამებოდეს ფედერაციის წესებში მითითებულ ყველა პარამეტრს – რაც ეხება სავარძლებს, უსაფრთხოების ღვედებს, უსაფრთხოების კარკასს, მინებს, საბურავებს, ძრავებს და ა.შ.
ფედერაციის ღონისძიებებსა და ლიცენზირებულ პროფესიულ რბოლებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ამ სტატუსის მქონე ავტომობილების მძღოლებს მიეცემათ. ამასთან, მფლობელი უნდა იყოს ფედერაციის წევრი და ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია.
გარდა ამისა, იცვლება ქალაქებსა და სოფლებში სპორტული რბოლების ჩატარების წესებიც. ახლა ფედერაცია ვალდებული იქნება ღონისძიებამდე სამი დღით ადრე განაცხადოს რბოლის ჩატარების, მასში მონაწილე მძღოლებისა და ავტომობილების შესახებ.
მძღოლებო, გაიარეთ ტექდათვალიერება: ჯარიმები სამმაგდება>>
აიკრძალება სპორტული დანიშნულების ავტომობილებით საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში გადაადგილება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ესაა საწვრთნელი მოძრაობა, ან ავტომობილის რემონტისთვის გადაყვანა. ამასთან, წვრთნების ჩატარება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილ ადგილზე იქნება შესაძლებელი.
სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსი მფლობელს ჩამოერთმევა, თუ ის წელიწადში სამჯერ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, წელიწადში ერთხელ მაინც არ მიიღებს მონაწილეობას ფედერაციის მიერ მოწყობილ რბოლაში, ან უარს იტყვის ტექდათვალიერებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0