მძღოლებო, გაიარეთ ტექდათვალიერება: ჯარიმები სამმაგდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანის შეკეთება სახელოსნოში
მანქანის შეკეთება სახელოსნოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2022
გამოწერა
საქართველოში პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. მსუბუქი ავტომობილებისთვის მომსახურების ღირებულება 60 ლარი, სატვირთო ავტომობილებისთვის კი 100 ლარია.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჯარიმები იზრდება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა დღეს იმსჯელა.
ამჟამად მოქმედი კანონით, იმ მძღოლებს, რომელთა სატრანსპორტო საშუალებებმა ტექდათვალიერება არ გაიარეს, თვეში ჯარიმის სახით 50 ლარის გადახდა ევალებათ.

ცვლილების მიხედვით კი, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ არ გაივლის ტექდათვალიერებას, დაეკისრება გაზრდილი ჯარიმა 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს – 300 ლარის ოდენობით.

თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი გაზრდილი ჯარიმის დაკისრების შემდეგ 30 დღის განმავლობაში ისევ არ გაივლის ტექდათვალიერებას, ჯარიმის ოდენობა კიდევ გაიზრდება და ფიზიკური პირისთვის 300 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 500 ლარი გახდება.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება.
მისივე განცხადებით, კომიტეტი სამუშაო ჯგუფთან და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ასევე მუშაობს ჰაერის დაბინძურებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რეგულირებასთან დაკავშირებული პრევენციული მექანიზმების შემუშავებაზეც.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
საქართველოში პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან – 3.000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.
მსუბუქი ავტომობილებისთვის მომსახურების ღირებულება 60 ლარი, სატვირთო ავტომობილებისთვის კი 100 ლარია.
წყარო - პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0