მმართველი პარტიის ყოფილი წევრები საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას" აფუძნებენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2022
გამოწერა
დეპუტატების თქმით, ადამიანები სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული იმ მოვლენებზე, რაც პოლიტიკის კულისებში ხდება.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. პარლამენტის დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ, რათა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოება სიმართლით აღჭურვონ. ამის შესახებ ნათქვამია მათ განცხადებაში.
სამმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყავლაშვილმა მმართველი პარტია ივნისის ბოლოს დატოვა. მათ წასვლის მთავარ მიზეზად მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს. გასულ კვირაში „ტრიოს“ გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა.

„უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო. საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატების თქმით, ადამიანები სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებული იმ მოვლენებზე, რაც პოლიტიკის კულისებში ხდება. აუცილებლობის შემთხვევაში მოძრაობის დამფუძნებლები არ გამორიცხავენ მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას.
„აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მთავრობა ომთან დაკავშირებულ ზეწოლას უკვე ვერ უძლებს, ჩვენ არ გამოვრიცხავთ საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალურ მოძრაობაზე“
განცხადების ავტორების თქმით, საზოგადოება პოლარიზაციისგან დაიღალა, რომელიც პოლიტიკურ სისტემას ნორმალური განვითარების საშუალებას არ აძლევს.
„ტყუილია“ – კობახიძე ელჩის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალზე>>>
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობა იძულებულია ანგარიში გაუწიოს გარე ძალებს, რომლებიც დანაშაულებრივ და თავისი არსით სრულიად ანტიევროპულ პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელოვნურად ასულდგმულებენ.
გარე ძალების ჩარევისგან დაცვის ერთგვარ საშუალებად დეპუტატები საზოგადოების ინფორმირებას ასახელებენ.
„საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ სახელმწიფო მომავალში მეტად იყოს დაცული ამგვარი ჩარევისგან, რომელიც კრიმინალების მფარველობისა და დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გზით პოლიტიკური ველის პოლარიზაციისა და პოლიტიკური სისტემის სიმყიფის ხელოვნურად შენარჩუნებისკენ არის მიმართული“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის ელჩზე
დეპუტატებმა განცხადებაში გვერდი ვერ აუარეს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თემას, რომელსაც ისინი რამდენიმე დღეა აკრიტიკებენ.
როგორც განცხადების ავტორებმა აღნიშნეს, მათ ელჩს დაუსვეს კონკრეტული კითხვები, კერძოდ, ცდილობს თუ არა აშშ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ახორციელებდა თუ არა სასამართლო სისტემაზე ზეწოლას, ცდილობენ თუ არა ისინი საქართველოს ომში ჩართვას, რაზეც მათ პასუხი არ მიუღიათ.

„სამწუხაროდ, ჩვენი კითხვების უპასუხოდ დატოვება საზოგადოებას სწორედ საპირისპიროში არწმუნებს. არ შეიძლება ერთს ამბობდე და ქმედებით სულ სხვა რამეს აჩვენებდე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატები საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების შესაძლო გაუარესებაზე პასუხისმგებლობას სწორედ კელი დეგნანს აკისრებენ.
მდინარაძე: არ დაუსვა კითხვები აშშ-ის ელჩს - ეს მონური ფსიქოლოგიაა>>>
„თუ საზოგადოებას გაუმყარდა რწმენა, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ხელისუფლების „სიჯიუტის“ ფონზე მას აქეთკენ მიმავალ ერთადერთ გზად უსამშობლო „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება ესახება, გვერწმუნეთ, საქართველოში ამერიკის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რაზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ამერიკის ელჩს დაეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ახალი მოძრაობის გეგმებზე
დეპუტატების განცხადებით, „ხალხის ძალა“ შეიქმნა როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გააერთიანებს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების „პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულ“ წარმომადგენლებს.
მოძრაობის დამფუძნებელთა თქმით, „ხალხის ძალა“ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ თავიდან აიცილოს ომის საფრთხე, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შესუსტებას, აღადგენს დასავლეთის ინსტიტუტებისადმი ქართული საზოგადოების ნდობას.

„დასასრულ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არა დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა, არამედ სწორედ რომ საქართველოში დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაცვა და გადარჩენაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კელი დეგნანი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა მმართველი პარტიის ლიდერების და ასევე სწორედ იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც „ქართული ოცნება“ დატოვეს – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი.
აშშ-ის ელჩს ბრალს სდებენ საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში, კერძოდ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე, ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლაში, რომელთანაც პირადი შეხვედრისას დეგნანი მისგან თითქოსდა „რაღაცას ითხოვდა“.
ივანიშვილმა გასულ კვირაში დაარღვია დუმილი და გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც დაადასტურა, რომ ნამდვილად შეხვდა 21 მარტს კელი დეგნანს მისივე ინიციატივით და შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა. ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე.
ყველა ახალი ამბავი
0