მდინარაძე: არ დაუსვა კითხვები აშშ-ის ელჩს - ეს მონური ფსიქოლოგიაა

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
აშშ-ის საელჩოს რომ პასუხები გაეცა კონკრეტულ კითხვებზე, ამ თემის განხილვა აღარ გაგრძელდებოდა, მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მკაფიო პასუხები უნდა გასცეს კონკრეტულ კითხვებს, რომლებიც თუ არ დაისმება, ეს მონური ფსიქოლოგიის მაჩვენებელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ბოლო პერიოდში ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მხრიდან რამდენიმე წერილის ადრესატი გახდა. ბოლო ღია წერილის ავტორი დეპუტატი სოზარ სუბარი იყო. ის დაინტერესდა, გამოხატა თუ არა დეგნანმა უკმაყოფილება საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დროს.

„შეგვიძლია ვურჩიოთ კიდევაც, რომ ჯობია გაეცეს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები. ის, რომ „მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელია“ და „ეს არ გაბედოთ“ – ასეთი მონური ფსიქოლოგია, ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ასეთი ფსიქოლოგია სუვერენულ სახელმწიფოს არ გამოადგება და ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა ასე არ უნდა იფიქროს.
მდინარაძის აზრით, აშშ-ის საელჩოს კონკრეტულ კითხვებზე რომ პასუხები გაეცა, ამ თემის განხილვა აღარ გაგრძელდებოდა.
„რადგან პასუხები არ იყო, ეს თემაც იმიტომ გაგრძელდა. კონკრეტული და მკაფიო პასუხები რომ თავიდანვე ყოფილიყო, თემა არ გაგრძელდებოდა. შესაბამისად, კონკრეტულ თემებზე კონკრეტული და ძალიან მკაფიო პასუხებია საჭირო, რა შემთხვევაშიც გამოირიცხება სპეკულაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ფარდა ახადა“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ივანიშვილის წერილზე>>
მან ასევე ყურადღება მიაქცია იმას, რომ არცერთ პოლიტიკოსს, რომელმაც კითხვა დასვა, არ გამოუყენებია ფრაზა „დასავლეთს ომი უნდა“.
„გახსენდებათ შემთხვევა, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა გამოიყენა ფრაზა – „დასავლეთს უნდა ომი?“ რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანს, ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩს, მასზე საუბარი იყო არა იმ კონტექსტში, რომ მან „ასე ქნა ან ისე“, და „ვის უნდა და ვის არ უნდა“. ვის რა უნდა, ეგ კიდევ ცალკე საკითხია“, – განაცხადა მდინარაძემ.
უფრო ადრე დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც „ქართული ოცნება“ დატოვა, განაცხადა, რომ კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში დაწყებული მოვლენების შემდეგ შეხვდა და „მისგან რაღაცას ითხოვდა“.
ივანიშვილი: საქართველოს ომში ჩათრევას ჯერ კიდევ ცდილობენ>>
ივანიშვილმა გასულ კვირაში დაარღვია დუმილი და გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც დაადასტურა, რომ ნამდვილად შეხვდა 21 მარტს კელი დეგნანს ელჩის ინიციატივით და შეხვედრა 3 საათი გაგრძელდა.
ივანიშვილს არაფერი უთქვამს შეხვედრის დროს განხილულ საკითხებზე. წერილში მან აღნიშნა, რომ საქართველოს ომში ჩართვას ნამდვილად ცდილობდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0