ავიაკატასტროფა გუდაურში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა

© photo: Sputnikსასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ყოველი აფრენის წინ დეტალურად მოწმდება.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ზოგიერთი მედიასაშუალება არასწორ ინფორმაციას ავრცელებს გუდაურში პარაპლანერისტების მოსაძებნად გაგზავნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებზე, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრაგედია 29 ივლისს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანერისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ყველა მათგანი დაიღუპა.
რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ტვინის შერყევით და ფეხის მოტეხილობით ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 29 ივლისს გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, კოლეგებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე გვიწევს ამ განცხადების გამოქვეყნება, მაგრამ უმჯობესია ფართო საზოგადოებამ იცოდეს გადამოწმებული და ზუსტი ფაქტები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების განცხადებით, ბორტზე იმყოფებოდნენ მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები: პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ჩოხელი, მაიორი დიმიტრი ქააძე და ლეიტენანტი ანდრო ქუჯოშვილი, რომლებიც თავისი საქმის მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ.
ბორტს მართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, რომელიც 1992 წლიდან იყო მფრინავი და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების ესკადრილიას.
„ამ წლების მანძილზე პოლკოვნიკ ზაზა ლორიას ხელმძღვანელობით განხორციელებულა ბევრი რთული სამაშველო ოპერაცია და მას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავებსა და მაშველებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ>>>
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენი ყოველი აფრენის დროს დეტალურად მოწმდება და პილოტებს ეკრძალებათ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენის მართვა.
„აღსანიშნავია, რომ 2019-2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავიაპარკი სრულად განახლდა, რაც გულისხმობს, რომ ყველა ვერტმფრენი რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სასაზღვრო პოლიციამ 2022 წლის მარტში, საქართველოს კანონმდებლობის წესების სრული დაცვით, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესებისა და საავიაციო ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შესაბამისად, შეიძინა შვეულმფრენების 2 კუდა-ხრახნის კომპლექტი სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული ორი МИ-8МТВ1 ტიპის ვერტმფრენისთვის.
ორივე ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ჩანაცვლდა ახლებით, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების საფუძველზე და ამ წესების სრული დაცვით.
შსს-ში ასევე განმარტეს, თუ რატომ არ გამოიყენება სამაშველო ოპერაციების დროს ფრანგული Super Puma ვერტმფრენები. სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე ორი ასეთი შვეულმფრენია.
„Super Puma ვერტმფრენები 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ მისი გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად)“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მუხლმოდრეკილი გევედრებით, მაპატიეთ“ - გადარჩენილი პარაპლანისტის დედა>>>
უწყებამ განსაკუთრებით გამოყო ერთ-ერთი Super Puma, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ვერტმფრენი МИ-8 გამოიყენება ძებნა–გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა.
უწყებაში ასევე უარყვეს მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Super Puma კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი. სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას“, – განმარტავენ სამინისტროში.
გუდაურის ტრაგედიასთან დაკავშირებით მყისიერად დაიწყო გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, რომელიც სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0