გუდაურთან ტრაგიკულად დაღუპულ მფრინავებსა და მაშველებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
გუდაურში მომხდარი აფეთქების დროს ვერტმფრენის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილია ის ტურისტიც, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. გუდაურში სამაშველო ოპერაციისას მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილ სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ მფრინავებსა და მაშველებს სხვადასხვა, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივს მიაგებენ.
ტრაგედია გუდაურის მთებში
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
„მუხლმოდრეკილი გევედრებით, მაპატიეთ“ - გადარჩენილი პარაპლანისტის დედა>>>
რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ამ დროისათვის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის, ასახელებენ ტექნიკურ გაუმართაობას. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0