როგორ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს კლინიკები საქართველოში - ჯანდაცვის მინისტრი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, კლინიკებს ორ წელზე მეტი დრო ეძლევათ იმისთვის, რომ მათ შესაბამისი სტანდარტები დააკმაყოფილონ.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ქართული კლინიკები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუ საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებენ და შესაბამის აკრედიტაციას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
ივლისის შუა რიცხვებში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Joint Commission International-ის (JCI) რეგიონულ მმართველ დირექტორს მურატ ქუჩუკაის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აკრედიტაციის იმ მაღალ სტანდარტებზე ისაუბრეს, რომლებიც მსოფლიოშია აღიარებული. ასევე განიხილეს საქართველოში მათი დანერგვის სტრატეგია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

„მსოფლიოში არის რამდენიმე სტანდარტი. მოლაპარაკებები და შეხვედრები დავიწყეთ აქტიურად. ვფიქრობ, ამ სტანდარტებიდან 2-3 სტანდარტის არჩევანის საშუალებას მივცემთ კლინიკებს, რომლებსაც 2025 წლიდან ეტაპობრივად ექნებათ ვალდებულება, ისინი დააკმაყოფილონ, და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ოპერირებას“, – განაცხადა აზარაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

ეს სტანდარტები მოიცავს სამედიცინო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხს, ასევე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას.
მინისტრის თქმით, კლინიკებს აკრედიტაციის მისაღებად გონივრული ვადა მიეცემათ.
„ზოგიერთ კლინიკას უკვე თავისი ინიციატივით ეს აკრედიტაცია გავლილი აქვს. ვფიქრობ, ჩვენ ვაძლევთ გონივრულ ვადას, ორ წელზე მეტია ვადა, რათა ეს სტანდარტი დააკმაყოფილონ, ან როცა დააკმაყოფილებენ, მაშინ ეტაპობრივად ექნებათ ოპერირების გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახსრებიდან გამომდინარე, კლინიკებში შესაბამისი სერვისი და ხარისხი უნდა იყოს.
ჯანდაცვის მინისტრი: კლინიკები ახალი სისტემით დაფინანსდება>>
„რასაკვირველია, ჩვენ გვინდა, რომ მომსახურების ხარისხი და სამედიცინო სექტორის ნდობა იყოს ხალხში, იყოს რეპუტაციული ის სერვისები – მაღალი ავტორიტეტის მქონე ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარებული – რა სერვისებსაც ჩვენი მოსახლეობა იღებს და რასაც სახელმწიფო აფინანსებს“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
რაც შეეხება კლინიკების ტარიფებს, მინისტრის თქმით, სექტემბრიდან ეტაპობრივად დაინერგება ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც ტარიფები ობიექტურად გაითვლება და ამ ტარიფებით მოხდება სახელმწიფო ანაზღაურებაც.
„სექტემბრიდან უკვე ამ სისტემას ჩავუშვებთ. ობიექტურად იქნება გამოთვლილი ტარიფები და ამ ტარიფების მიხედვით ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება. ეს იქნება ტარიფები, რომლებიც კონკრეტულ სამედიცინო მომსახურებაზე იქნება ობიექტურად გათვლილი, იმ სტანდარტების მიხედვით, რომლითაც ითვლება წამყვანი თუ ნაკლებად წამყვანი ქვეყნების სამედიცინო სერვისები“, – განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას აპირებს>>
მისი თქმით, სახელმწიფო კლინიკებს DRG–სისტემის ახალი მეთოდით დააფინანსებს.
DRG (Diagnostic Related Group), ანუ „დიაგნოსტიკურად დაკავშირებული ჯგუფები“ – ესაა ფასწარმოქმნის სისტემა სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისთვის, რომელიც გამოიხატება განსაზღვრული, ფიქსირებული თანხით მკურნალობის ცალკეულ შემთხვევაში. ამ სისტემის გამოყენებისას მომსახურების ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ დიაგნოსტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება პაციენტი – მისი დიაგნოზის, ასაკისა და რიგი სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.
ახალი სისტემის დანერგვა ქართულ კლინიკებში აპრილში საპილოტო რეჟიმით დაიწყო, ხოლო სექტემბერ–ოქტომბერში სისტემა ქვეყნის ყველა ჰოსპიტალზე გავრცელდება. ეტაპობრივად ყველა კლინიკამ უნდა უპასუხოს იმ სტანდარტებს, რომლებსაც მათთვის სახელმწიფო დაადგენს.
რა შემთხვევაში არ დააფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-ინფიცირებული პირების მკურნალობას>>
აზარაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმაში 2030 წლამდე გაწერილია, რომელ წელს და რა ეტაპზე უნდა მოხდეს ჯანდაცვის დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0